თეგი: ივერი მელაშვილი
სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმისაგან ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტირებული ან დოკუმენტური მასალა რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დღეს სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმე და ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა. მელაშვილის თქმით, ბაღათურიას აღნიშნულ საქმესთან „არსობრივი დამოკიდებულება არც ადრე ჰქონია და არც დღეს აქვს“. „სამწუხაროდ, მოვისმინე ხშირად უბინძურესი ბრალდებები, რაც ჩემი და ნატალია ილიჩოვას მისამართით იყო გამოყენებული, რასაც არავითარი არგუმენტაცია არ აქვს. საქმე ასეა: ის ლაპარაკობს რუკებზე და არ იცის რუკების შესახებ, არც აქვს ნანახი და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცის მიერ დატრენინგებულ მოწმესთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია. „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეკავა, ამავდროულად, ის უშიშროების საბჭოს წევრი იყო და მისი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ბრძანება, მათ შორის, გულისხმობდა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გარკვეული მოხსენებების წარდგენას. 2006 წელს შეთანხმდა ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ, მათ შორის, ჩიჩხიტურის კოშკიდან 100 მეტრის დაშორებით,” - განაცხადა სადრაძემ. ზურაბ ნოღაიდელმა გაიხსენა, როგორ მოხდა 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დავით გარეჯის საკითხის განხილვა. ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მალხაზ მიქელაძე, რომელიც იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე, ამტკიცებდა, რომ გარეჯის ის მონაკვეთ, რომელზეც დავა მიმდინარეობს, არის აზერბაიჯანის მხარეს. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ იყო კატეგორიული მტკიცება, რომ ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, მათ შორის ჩიჩხიტურის მონასტერი, აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მთავარი პირი იმ პერიოდში იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოზე საკითხები არ მიიღებოდა სააკაშვილის გარეშე. „2005 წელს საკითხი იქნა განხილული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, იქ დაისვა საკითხი, რომ დავით გარეჯის ის ნაწილები, რომელზეც აქ მიმდინარეობს საუბარი, არის შანსი თუ არა, რომ იყოს საქართველოს შემადგენლობში. კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მაშინ მისცა განმარტება, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა საბუთის, დოკუმენტის და რუკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რჩება აზერბაიჯანის მხარეს. მალხაზ მიქელაძე იყო თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა გახდა, რომ მონასტერი შენარჩუნებულიყო როგორც ქართული მონასტერი, ეს იყო ჩვენს წინაშე დაყენებული ფაქტობრივი ამოცანა. უშიშროების საბჭოს მართავდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო მისი უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა,“ – განაცხადა ნოღაიდელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პროკურორის კითხვას, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი მთავრობის ფორმატში, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ არ განხილულა. „ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე ამ საკითხს არ ვიხილავდი. ამ საკითხის ჩემთან შეთანხმება არც საჭირო იყო და არც სავალდებულო. ეს იყო პრეზიდენტის კომპეტენცია“, – განაცხადა ნოღაიდელმა. გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
„ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში განაცხადა. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. ჟურნალისტების კითხვას, მიიჩნევდა თუ არა, ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომ 1:200 000-იანი რუკის გამოყენება რელევანტური არ იყო, დარსალიამ განაცხადა, რომ "კომისიაში განსხვავებული პოზიციები თავიდანვე იყო." „სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებულია. თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია, ეს იყო მსჯელობის საკითხი. კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა ტიპის მასალები გამოყენებულიყო თუ არა. მთავარი საკითხია, თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია," - განაცხადა დარსალიამ. კითხვას, დანაშაული იკვეთება თუ არა ბრალდებულების მხრიდან, დარსალიამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მისი კომპეტენცია არაა. „ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი, კითხვები ეხებოდა თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. ის ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს, შეთანხმებულია 96 წელს, რომ მხარეები 38 წლის ხაზს იყენებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ ხაზს ადასტურებს, რელევანტურია, დანარჩენი ექსპერტების შეფასებაა. მე არ ვიცი, ისინი რას დაეყრდნენ, მე შემიძლია ვისაუბრო 2019 წლის შემდეგ კომისია რას ეყრდნობა - კომისია ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია, მათ შორის, 1:200000-იანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. ეს მასალები, აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წელს წარვუდგინეთ და დაახლოებით ამ პერიოდში იყო მისი დედნები წარმოდგენილი," - განაცხადა დარსალიამ. ლაშა დარსალია 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა. ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს - ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.