თეგი: ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 18 თებერვალს გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.  

ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.   ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. „ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა,“ იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.  

ილია თოფურია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

UFC-ს ქართველ ჩემპიონს დღეს ორბელიანების სასახლეში, ღირსების ორდენით დააჯილდოვებენ. „როგორც გუშინ შეთანხმდა ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია,“ წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.