თეგი: იმპიჩმენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს. „ განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით,” - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით. მაიორკასსთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. CNN-ი იუწყება, რომ არსებობს მოლოდინი, ყველა „დემოკრატი“ ხმას მისცემს იპიჩმენტის უარყოფას, რადგან ისინი შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს ფარსს და სისულელეს უწოდებენ. მაიორკასი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრია ბოლო თითქმის 150 წლის განმავლობაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს. რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. თანამდებობიდან მინისტრის გადაყენებას სენატის თანხმობაც სჭირდება. სენატში, რომლის წევრთა უმრავლესობა დემოკრატია, მაიორკასის იმპიჩმენტს მხარდაჭერა არ ექნება. აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, უწოდა რესპუბლიკელების არაკონსტიტუციური, პარტიული ანგაჟირების აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელიც წვრილმანი პოლიტიკური თამაშების გამო გამოიყენეს პატიოსანი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ისევ იწყებს
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალი დაწყების საფუძველი კვლავ ვიზიტებია, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრები. 30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. პირველ ოქტომბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვარშავაში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების ფორუმში და პოლონეთის პრეზიდენტ დუდას შეხვდა. ელისეს სასახლეში 3 ოქტომბერს გაიმართა საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ მოხარულია პარიზში მისი მიღებით. პრეზიდენტების შეხვედრა 3 ოქტომბერს ელისეს სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით, მაკრონის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომ მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რაც აყალიბებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს მისცეს ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც 2 ოქტომბერს შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ „უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.“ პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, თუმცა საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს. „როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში. აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ, გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურა არ დაეხმარება დეპოლარიზაციის შემცირებასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას. „ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ამჟამად ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში გასული წლის 14 სექტემბერს შევიდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე 2023 წელს (აგვისტო-სექტემბერში) საზღვარგარეთ გამართული შეხვედრები, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 2023 წლის 18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა