თეგი: ინტერნეტი
Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს
ინტერნეტთან წვდომის გლობალური სატელიტური სისტემა Starlink-ი უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. მინისტრმა უკვე დაავალა შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ სერტიფიცირების, გაზომვების და სიხშირეების მიწოდების აუცილებელი პროცედურები. „ახლა უკრაინის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია Starlink-ის თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება უკრაინელებისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დადებითი სიახლე: Starlink-მა დაიწყო მუშაობა უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე", - იტყობინება მინისტრი. ფედოროვის თქმით, დღეს Starlink-ი ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაკავშირებასა და სპეციალური ოპერაციების განხორციელებაში. ასევე, სადგურები მხარს უჭერს კრიტიკული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ობიექტების, ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებას და თესვის სეზონსაც კი. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1,009,000 შეადგინა, საიდანაც 962 ათასი ფიზიკური პირი აბონენტია. 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა. 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება. საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სააბონენტო სიმკვრივე შინამეურნეობაზე 86.7%-ია. ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა 474 ათასი „მაგთიკომს“ ჰყავს, 286 ათასი - „სილქნეტს“, 59 ათასი აბონენტი - „ახალი ქსელების ჯგუფს“, 50 ათასი „სქაიტელს“, ხოლო 94 ათასი აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება. 2021 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტი 2351 სოფელშია ხელმისაწვდომი. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, “Log-in Georgia”-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები 1000 სოფლის 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.
SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. კომუნიკაციის კომისიის ცნობით, ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. გაცნობით შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავის მხრივ, SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის თანამშრომლებს საქართველოში SpaceX-ის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე მედიალაბის მიერ გადამზადებული სტარტაპერების მიერ შექმნილი პროექტები წარადგინეს. ცნობისთვის, Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიაჩნიათ კომუნიკაციების კომისიაში. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში „ტელეკომის“ მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ. Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.
ილონ მასკი, ირანში, აქციების ფონზე, Starlink-ის გააქტიურებას გეგმავს
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს გაააქტიურებს. მასკმა ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცახდებას უპასუხა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მანამდე, ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო. მედიის ცნობით, პარასკევს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. თავად მილიარდერს ამ საკითხზე მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტი მნიშვნელოვნად ძვირია - კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა. “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კვლევის მიხედვით, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს. „ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა,“ - წერია დასკვნაში. მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები - ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი. მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია. რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია - ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% - 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს - 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია. რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის. „კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია. კვლევა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული. სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში. ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა,“ - წერს კომისია ანგარიშზე დაყრდნობით.