თეგი: ინფექციონისტი

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი: უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია.  „ვფიქრობ, უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს . შესაბამისად, მომართვიანობამაც მოიმატა, მოიმატა ტესტირების მსურველთა რაოდენობამ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიმატა აცრის მსურველებმა. „დელტას“ შემთხვევაში ბევრად მეტი იყო მძიმე პაციენტები, შედარებით ნაკლებია „ომიკრონის" შემთხვევაში. თუმცა მათ, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ვისაც აქვს მძიმე მიმდინარეობა, მკურნალობის პრინციპი ერთი და იგივეა“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციონისტი: ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე COVID19 გადატანილი არ ჰქონდა

დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა COVID19 გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი - „ომიკრონის“ დროს, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პაციენტი მისივე თქმით, ადრე არსებული რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე ძალაში აღარ არის. “ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს: - გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული "ენტეროვირუსი", სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს. - ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ. - მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ. - ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო. - სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე. - c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება. - D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს. - სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი“,- წერს ბუწაშვილი.  

საქართველოში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ყველაზე გადამდები ვირუსია - ინფექციონისტი

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც და ამით დიაგნოზის დასმა. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და აუტანელი ტკივილი ახასიათებს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.