თეგი: ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა ნფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს მიმდინარე წლის 6 ივნისს უნდა ჩაბარდეს. „ჩვენთვის შენობა ძალიან დიდხანს იყო დიდი თავის ტკივილი. 2009 წლის მერე ჩვენს ცენტრს, რომელიც წამყვანი დაწესებულებაა ინფექციური დაავადებების დარგში, არ გვქონდა საკუთარი შენობა და განთავსებული ვართ „ავერსის“ კუთვნილ შენობა ნაგებობებში, რაც ბუნებრივია, თავის მხრივ უამრავ უხერხულობასთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ახლა ამას წერტილი დაესმება, რადგან ორი წლის წინ სახელმწიფომ შეიძინა და საკუთრებაში გადასცა ჩვენს ცენტრს ძალიან კარგი შენობა, დიღმის კლასტერში. ეს კორპუსი ერთ-ერთი საუკეთესო ულტრათანამედროვე შენობაა მთელს თბილისში. აქამდე სულ იყო დაპირებები, ახლა ზუსტად ვიცით, რომ ოფიციალურად გაფორმებულია ხელშეკრულებები და უკვე აქტიურად დაწყებულია სარემონტო სამუშაოები. ახლა ხდება მისი ადაპტირება ინფექციებზე, მოეწყობა ბოქსირებული პალატები და ა.შ. უკანასკნელი ვადა არის 6 ივნისს, როდესაც შენობა უნდა ჩაგვბარდეს. ამის შემდეგ, სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და ევროპის ბანკი მუშაობენ შენობის აღჭურვაზე. გვექნება, უმაღლესი კლასის აპარატურა და აღჭურვილობა. ამ გადასვლის პროცესს დასჭირდება ალბათ ორი-სამი თვე და სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში ცენტრი იმუშავებს ახალ შენობაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.