თეგი: იოსებ ხახალეიშვილი
„მუშაობას თბილისში გავაგრძელებ“ - ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ხახალეიშვილი ამბობს, რომ პარტიულ მუშაობას თბილისში გააგრძელებს. „დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი.“ იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერად 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუკი მერი თანამდებობას 15 ივნისის შემდეგ დატოვებს, მერის რიგგარეშე არჩევნები შემდეგი წლის აპრილში უნდა ჩატარდეს, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც თარიღი მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს ემთხვევა. 2025 წლის აპრილში მერის რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება და ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება 2025 წლის ოქტომბერში ახალი მერის არჩევამდე.