თეგი: ირაკლი რარიბაშვილი

ჯანდაცვის ბიუჯეტი, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც დიდი პროგრესია. პრემიერის თქმით, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულ პაციენტებს, ისიც კერძო დაფინანსებით ჰქონდათ და ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა ამ სექტორში. „ჩვენს მოქალაქეებს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა იმისათვის, რომ ჯანდაცვის ელემენტარული სერვისი მიეღო. ასე რომ სრულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს მზრუნველობისგან. ამ დროს, ჩვენ კარგად ვიცით, იმისთვის, რომ შევაფასოთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა გამოიკვეთოს მოქალაქეებისადმი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის დაცვაზე, განათლებაზე და ა.შ. ჩვენს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვაზე თითქმის გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და როგორ მოგახსენეთ, მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა. შედარებისთვის, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.