თეგი: ისრალი

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინას სახელმწიფოდ გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა: ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია აღიარებენ. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, ომმა ღაზის სექტორში, ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და სამართლიანობის მიზნით და ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ და ჰამასის სასარგებლოდ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 139-ს. ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის უკვე გაიწვია და იმავეს აპირებს ესპანეთთან მიმართებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ უკან არ დაიხევენ მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. კაცის შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ ტერორიზმი გამართლებულია, წააქეზებს ირანს და ჰამასს და ძირს გამოუთხრის მშვიდობის შანსს.ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს.