თეგი: იუსტიციის მინისტრი
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლის შემდეგ პატიმრების საჩივრები აღარ შესულა
„2013 წლიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოდან პატიმრების არცერთი განცხადება არ მიუღია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. რატი ბრეგაძის თქმით, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით და უწყება კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პენიტენციური სისტემის რეფორმირების მიმართულებით. „თუმცა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე, რათა დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ“, – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას და პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისის შემდეგ ქუთაისში წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა. „იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული: დაინერგა და შვიდ რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს ექვს დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა PROBBOX; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია; გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა ხუთ ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში; დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ (HeinOnline); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან; სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში. „გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისთვის“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპების თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი, ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. Spiegel-ის ცნობით, ბუშმანი უკრაინის ხელისუფლებასთან და უფლებადამცველებთან მოლაპარაკებას გეგმავს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა სამხედრო თავდასხმების საერთაშორისო გამოძიება იქნება. ცნობილია, რომ გერმანიას ამ საკითხში უკრაინის მხარდაჭერა სურს. „რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას, ბოლო თვეებსა და თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როგორც უკრაინისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, “- თქვა Spiegel-თან ბუშმანმა. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა განიხილონ იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმები.
ციხეში ყველა სახის პაემანი უფასო გახდება
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი", ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის; იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.