თეგი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, რადგან იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ
ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, ვინაიდან, იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ, - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განცხადა, რითაც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს გამოეხმაურა. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ. იქ არის სპეციალური ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები შეიძინონ. რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნებს, თუ მცდელობას, ვიღაცამ ვიღაცაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, როცა საუბარია მსგავს ნიშნებზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მყისიერად ატარებს ზომებს, რათა, თუ ეს ნიშნები არის, აღმოფხვრილი იყოს. მეორე მხრივ, როცა საუბარია ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისათვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა, იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ ყოვლისა, არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.შ. გამოწვევები არსებობს და გამოწვევები ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში არსებობს. რაც მთავარია, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშჩიაკის აკრეფა და ა.შ. „ობშჩიაკს“ როგორ დავადასტურებ, ფული, როგორც ასეთი, ციხეში - პენიტენციურ სისტემაში არ ტრიალებს. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“,- მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება პატიმართა უკანონო ფონდისთვის, „ობშჩიაკისთვის“. „დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით, როგორიცაა ტიპიური სიმბოლოები, რომლებიც განთავსებული იყო საკნების კარის ზემოთ და საკნის კედლებზე (განსაკუთრებით №17 საპყრობილეში). გარდა ამისა, ყველა ციხეში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, მეტი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით და ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით (დიდი ტელევიზორები, DVD-ები, hi-fi ანძები, კონდიციონერები, სამზარეულოს კუთხეები და ა.შ.. არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება (უფრო სწორად გამოძალვა) პატიმრებისგან, (მაგრამ უფრო ხშირად მათი ოჯახებისგან) პატიმართა უკანონო ფონდისთვის („ობშჩიაკი“) “, - აღნიშნულია ანგარიშში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაჩალიკაშვილის საქმეზე: ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო
მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე „მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხა ყველა შესაბამისი პირი, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა. ამ ნაწილში დადებითადაა შეფასებული, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, მაგალითად, ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ადგილის მთლიანობის საკითხზე და ამბობს, რომ როდესაც სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა, მაშინ აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა და ამის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო შეიქნა ოთახში არსებული ცალკეული ნივთების, მათ შორის, ხელყუმბარის, ადგილის შეცვლა. აქვე ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციებში პირის გადარჩენის ინტერესი, პირველადი დახმარების აღმოჩენის ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოძიების ადგილის მთლიანობის შენარჩუნება. ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მთლიანობაში ყველა პირი გამოიკითხა, ვინც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, თვითონ სპეცრაზმელები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და ცალკეული პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ცალკეული ხარვეზების გამო, რაც მან გამოძიების საწყის ეტაპზე დაინახა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო პროცედურული დარღვევა და ამ დარღვევისთვის სახელმწიფოს მოუწევს მატერიალური კომპენსაციის გადახდა მომჩივნებისთვის“, - განმარტა ბექა ძამაშვილმა.