თეგი: იძულებით ქორწინება
პროკურატურამ შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს უწყების ცნობით, დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში მამა შვილს ჩხუბით და მუქარით აიძულებდა მისთვის არასასურველ პირს ცოლად გაჰყოლოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოკვლით ემუქრებოდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. „საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, ბრალდებული ჩხუბით და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ჩადენილი გენდერული ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.