თეგი: კადიივკა

სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ჯგუფის Wagner Group-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ 10 დეკემბერს, აფეთქებამ „დახურული“ სასტუმრო გაანადგურა. „რუსები არც კი მალავენ, რომ უზარმაზარი დანაკარგები აქვთ", - განაცხადა სერჰი გაიდაიმ. 28 მარტს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში განათავსა „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ვაგნერის ჯგუფს ბრალი ედება ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. PMC Wagner-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან.