თეგი: კავკასიის რეგიონი
რაისი ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ: კავკასიაში უსაფრთხოებასა და მშვიდობას ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
კავკასიაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა თეირანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფაშინიანი ირანში ჩავიდა „მიგვაჩნია, რომ კავკასიაში არსებული პრობლემები რეგიონის მოთამაშეებმა უნდა მოაგვარონ და უცხოელების ნებისმიერი ჩარევა ახალ მიზეზებს გამოიწვევს“, - განაცხადა რაისმა. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თეირანში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებაში გარდამტეხი იქნება. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კეთილმეზობლობის პოლიტიკა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მისი მთავრობაა ორიენტირებული. მისი თქმით, ირანის სავაჭრო ურთიერთობები სომხეთთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 43 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მხარეები სავაჭრო ბრუნვის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მან ირანის პრეზიდენტს, სოჭში, სომხეთ-რუსეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სამიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ირანს უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია ყარაბაღის პრობლემაზე, ასევე, სომხეთის ურთიერთობებზე თურქეთთან და აზერბაიჯანთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.