თეგი: კაია კალასი
კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, საკუთარი ინიციატივით გადადგა, რადგან ახალი მინისტრების დანიშვნა ბევრ ხმაურსა და უკმაყოფილებას გამოიწვევდა და საჭირო გახდებოდა საკანონმდებლო ორგანოს სხდომის მოწვევა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანაში სამ პარტიას შორის კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, თუმცა კაია კალასმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას. „14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს კაია კალასი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ
NATO-ს თავდაცვისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მინისტრების შეხვედრაზე ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ კრემლის მთავარი მიზანია, დაშინების გზით იმპერიული იდეის განხორციელება. ამიტომ, რუსეთი მსოფლიოს ემუქრება შიმშილითა და ბირთვული კატასტროფით და ენერგეტიკულ ომს აწარმოებს. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებებით მიიღებს იმას, რასაც ძალით ვერ მიაღწია. „ამიტომ რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ ", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. კალასი თვლის, რომ ომის დროს მსოფლიოს მოუწევს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის სფეროში საჭიროა ოთხი პრინციპის დაცვა: „პირველ რიგში, ეს არის უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მხარდაჭერა აახლოებს მშვიდობას, ამიტომ ევროპამ უნდა დააჩქაროს და გაზარდოს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. მეორე: რუსეთს ანგარიში უნდა მოეთხოვოს სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულებისთვის. მესამე: რუსეთისთვის აგრესიის ფასი „აუტანელი უნდა გახდეს“, ამისთვის საჭიროა სანქციების გამკაცრება და მისი საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა. მეოთხე, NATO-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულად სანდო თავდაცვა“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ესტონეთის პრემიერი: პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს
„პუტინი ომის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს იმ აგრესიისთვის, რომელიც ჩაიდინა“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. კალასის თქმით, თუ ის ჩაუმად იქნება, ესტონეთი პუტინის სამიზნე გახდება. „უკრაინის შემდეგ, მან მოლდოვას დაადგა თვალი. მან თვალი დაადგა საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეს მას არასდროს დაუმალავს. მისი შეჩერების ერთადერთი გზა არის უკრაინის დახმარება ამ ომში“, - განაცხადა კალასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის მომხრე პრემიერ კალასის პარტია იმარჯვებს
ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი აპირებს, ახალი კოალიციური მთავრობა შექმნას მას შემდეგ, რაც კვირის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. კალასის პარტიამ პარლამენტში 101 ადგილიდან 37 მოიპოვა, CNN-ის ცნობით, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი ERR. კალასი პრემიერ-მინისტრად პირველად 2021 წელს აირჩიეს, პროევროპული პოზიცია და ასევე ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ. სიდიდით მეორე პარტიამ EKRE 17 მანდატი მოიპოვა. ესტონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. კენჭისყრაში 615 009 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
კაია კალასი: ესტონეთი ქართველი მეგობრების გვერდით დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ქართველი მეგობრების გვერდით დგას. ამ სიტყვებით ის თბილისში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. კალასის შეფასებით, ქართველებმა მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. „მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, გაიწვიოს კანონპროექტი და მიჰყვეს ხალხის ნებას. ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე“, - წერს კაია კალასი Twitter-ზე.
კაია კალასი: უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადაიჭრას. „ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება," - განაცხადა კალასმა. ესტონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს არ აქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს. „უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი,“ - აღნიშნა კალასმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან. NATO-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. იუწყება ამერიკის ხმა, რომელიც კალასთან ინტერვიუს აქვეყნებს. კაია კალასი უკრაინაში მიმდინარე ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ "ბოლო კოლონიურ ომში"უნდა დამარცხდეს" იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. ვიდრე ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა, თქვენ საქართველოზე რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ. როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე ახლა? როგორ ხედავთ საქართველოს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით, მის ევროკავშირთან დაახლოებას? მიმართა ჟურნალისტმა კალასს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია, გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან. ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.
Politico-ს ცნობით, ესტონეთის პრემიერს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციის დაკავება სურს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაინტერესებულია გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ. შესაბამისი კომენტარი კაია კალასმა Politico-ს მიერ ორგანიზებულ თავდაცვის ფორუმზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა. კითხვას, სურს თუ არა გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, კაია კალასმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა, თუ ვინ ითვლება ამ დროისთვის არაფორმალურ მთავარ კანდიდატად. „ახლახან გავიგე ხუმრობა, რომ შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ნატოს ახალი წევრი ქვეყნიდან ანუ რომელიც ნატოს წევრი 20 წელია, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს და კარგი იქნება თუ ქალი იქნება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს არის მარკ რუტე,“ - განაცხადა კაია კალასმა.
კალასი: ბრძოლაა იმისთვის, რა მართავს მსოფლიოს მომავალში - თავისუფლება თუ ავტოკრატია
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს"იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით. „ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არის არა ჩიხი, არამედ - დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთს აჯობებს. ხალხის თვალსაზრისით - ევროპა ამზადებს 30-40 ათას ჯარისკაცს. თუ ამერიკაც იმავეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი იმ წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან აგზავნიან. ასე რომ, ჩვენ ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ. რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ. სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ. და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო დიდია, ვიდრე - რუსეთისა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების,“ - განაცხადა კალასმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან
კალასი ორბანთან საუბრის შემდეგ: ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. კალასი წერს, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება. „ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა," - წერს კალასი. ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს
კალასი: ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვის საკითხი წარმოადგენს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში დამსახურების პრინციპს ეფუძნება. „უკრაინამ მისთვის დაკისრებული კრიტერიუმები, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, შეასრულა. რაც რამდენიმე წელიც კი გრძელდება, როგორც ეს ჩვენი ისტორიიდან ვიცით. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, უკვე შემდეგ უნდა განვიხილოთ სხვა ვარიანტები. ჩვენ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. ეს ყველა ის წინადადებაა, რომელიც მაგიდაზე დევს. მათ შორის არის საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კაია კალასმა. კაია კალასის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას განუცხადა, რომ ის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს. „პირველ რიგში, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს. დღეს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა გავიხილოთ. ერთი ეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, რის შესახებაც ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და მეორე ნაწილი გაფართოების საკითხს წარმოადგენს. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების შესახებ წინ ხანგრძლივი განხილვა გველის. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და მას შეგიძლიათ, მეტი შეკითხვა დაუსვათ. მან აღნიშნა, რომ იგი ვერ ხედავს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ისევ ვცდით, რადგან ჯერ დანებებისთვის მზად არ ვართ,“ - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ესტონეთის პრემიერი: საქართველომ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს
საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
კალასი: ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 0,25% იქნება
ესტონეთი უკრაინის დაცვაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ჩადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. „ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 0,25%-ი იქნება. თუ თითოეული ქვეყანა 0,25%-ს გაიღებს, ეს არის ის, რაც უკრაინას ამ ომის მოსაგებად სჭირდება,“ - განაცხადა კალასმა. მან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ესტონეთის მაგალითს მიჰყვნენ. ესტონეთის პრემიერის განცხადებით, 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია. კაია კალასის თქმით, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ანელებს გადაწყვეტილების მიღებას. ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში თანმიმდევრული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა. „ეს ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს. „ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის“ - განაცხადა კაია კალასმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე მეცოლას შეფასებით ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით, თუ რა საშიშროება შეიძლება, მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გაიაზრონ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში ასევე შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპი.
კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას პასუხობს: გავაგრძელებ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სწორად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი - ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტების „კრებული“ არ შეცვლილა,“ აღნიშნავს კალასი. ესტონეთის პრემიერის თქმით, კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მისი და სხვების გაჩუმებას - მაგრამ ეს ასე არ იქნება. „პირიქით, მე გავაგრძელებ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მე გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაზრდის მხარდაჭერას," - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა
ესტონეთის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა გამოუშვას ერთობლივი ობლიგაციები ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს 100 მილიარდი ევროს (108 მილიარდი დოლარი) ევროობლიგაციების გამოშვების გეგმაზე, რათა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გაზარდოს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის რუსული აგრესიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად. „ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მეტი ინვესტიცია გვჭირდება და უნდა გამოვიკვლიოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რადგან ობლიგაციები, რომლებსაც ცალკეული ქვეყნები გამოსცემენ, ძალიან მცირეა მასშტაბის გასადიდებლად,“ - განაცხადა კალასმა. Bloomberg-ის ცნობით, თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად, ერთობლივი სესხის აღების იდეას უკვე დაუჭირეს მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, მაგრამ ნიდერლანდები და გერმანია, სავარაუდოდ, უფრო ყოყმანობენ. ობლიგაცია (ინგლისურად Bond) არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ და ყიდიან, რომ მიიღონ სესხი. ობლიგაციის გამომშვებ პირებს ემიტენტებს უწოდებენ. ვინც ობლიგაციას ყიდულობს, ის ხდება ობლიგაციის გამომშვებისთვის ფულის მიმსესხებელი. ობლიგაციაში დადგენილია სესხის პროცენტი (სარგებლის განაკვეთი) და სესხის ძირის დაფარვის ზუსტი ვადა. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი შეიძლება, იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე, ცვალებადი. ობლიგაციის მფლობელს ამ ობლიგაციის გადაყიდვაც შეუძლია. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ჩვეულებრივი სესხისგან. ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია და, შესაბამისად, საფონდო ბირჟებზე მისი ყიდვა-გაყიდვა ხდება. კომპანია ობლიგაციებს უშვებს, როდესაც დამატებით თანხა ესაჭიროება და საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია უნდა, რომ მხოლოდ ბანკის სესხზე არ იყოს დამოკიდებული.
დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ - კალასი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ. Politico-ს ცნობით, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა, მათ შორის, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. როგორც Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობამ გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნა, მათ შორის, ისეთმა დიდმა მოთამაშეებმა, როგორიცაა: გერმანია, გაერთიანებული სამეფო და აშშ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გუშინ განაცხადა, რომ მაკრონის მიერ ინიცირებული დებატების მადლიერია და რომ განხილვიდან არცერთი საკითხის მოხსნა და არცერთი ვარიანტის უგულებელყოფა არ შეიძლება. „ვფიქრობ, ეს არის ის სიგნალებიც, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რადგან ყველა ქვეყანამ გაიგო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს ეს ომი,“ - ციტირებს გამოცემა კაია კალასს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.
კაია კალასი: როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს
„როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს,“ - შესაბამისი პოსტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, და არა დააშორებს,“ - წერს კალასი. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მისი ნაბიჯები მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხი არ არის, სასწორზე ევროკავშირის ავტორიტეტია - კალასი
საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს, მაგრამ ქმედების შეფასებაში არ შევალ, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ამით ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა. ესტონეთის პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩასვლა სწორი იყო, რათა ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ. „განუხილავს [ჩვენთან] საგარეო საქმეთა მინისტრს პროტესტზე დასწრება? არა, არ განუხილავს… ქმედების შეფასებაში არ შევალ. რა თქმა უნდა, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში ჩავიდნენ ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად - ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი რამ იყო, რათა ნამდვილად ეჩვენებინათ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის,“ - აცხადებს კალასი. ესტონეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მისი ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, სასწორზე ევროკავშირის ავტორიტეტია. „ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ნათელია, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ რეფორმებთან დაკავშირებით დგამენ, რომლებითაც არასწორი მიმართულებით მიდიან, საქართველოს შიდა საკითხი აღარ არის, რეალურად მთლიანად ევროკავშირის ავტორიტეტია აქ სასწორზე,” - განაცხადა კალასმა.
კალასი: ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილნი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა. „უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს,“ - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.