თეგი: კამალა ჰარისი

აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, $50 მილიარდს გამოუყოფს

აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, $50 მილიარდს გამოუყოფს. სიახლის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე, პოლონეთში გამოაცხადა. ეს დამატებითი დახმარება მოიცავს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი სასურსათო დახმარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ასობით ათასი ადამიანის გადაუდებელი საჭიროებებისთვის, მათ შორის ადამიანების, რომლებიც დევნილები არიან თავიანთი სახლებიდან და კვეთენ საზღვარს უკრაინის გარეთ. გარდა ამისა, ის მხარს დაუჭერს WFP-ის ლოგისტიკურ ოპერაციებს უკრაინაში დახმარების გადასატანად, მათ შორის კიევში მცხოვრებთათვის. შეახსენებთ, 9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ. „ვაპირებთ, გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.

Reuters: ფილიპ გორდონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნება

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, პრეზიდენტის თანაშემწედ და მის მრჩევლად ეროვნული უშიშროების საკითხებში ფილიპ გორდონი დაინიშნება. ამის შესახებ Reuters წერს. ის აქამდე 14 თვის განმავლობაში, მისი მრჩევლის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ფილიპ გორდონი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე იყო და თეთრი სახლის კოორდინატორი ( 2013-15 წლებში) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის საკითხებში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწე (2009-2013 წლებში) და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპული საკითხების დირექტორი (1998-99 წლებში). სამთავრობო პოზიციების მიღმა, მას დიდი გამოცდილება აქვს კვლევით ინსტიტუტებში. ფილიპ გორდონი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. 

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ერთიანი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ პიონგიანის პროვინციის ტაეჩონის მახლობლად გაისროლეს.  „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება არის სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეის ქმედება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის და ამის გაკეთება უკრაინაში შეჭრის დროს, მიუღებელია“, - განაცხადა თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ტოკიოსა და სეულში ჩასვლას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, მის მიერ განსახილველ საკითხთა შორისაა ტაივანის უსაფრთხოების საკითხი.    

კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჰარისი დღეს დემილიტარიზებულ ზონასაც ეწვევა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს. ამასთან, კამალა ჰარისი დაგმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდას. განხილვის საგანია ასევე აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივი ურთიერთობა და ჩინეთის ქმედებებ ტაივანის სრუტეში. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ზღვაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.  

კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული რიტორიკა“ დაგმეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ჩრდილოეთ კორეის გაძლიერებული ბირთვული რიტორიკა და იარაღის გამოცდა დაგმეს. Reuters-ის ინფორმაციით, ჰარისი იუნს სამხრეთ კორეის დედაქალაქში, დღეს დილით შეხვდა. მისივე ცნობით, ვიზიტს წინ უძღვის რეგიონში დაძაბულობა, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებითა და ტაივანის სრუტეში ჩინეთის მოქმედებების გამო. „ლიდერებმა განიხილეს ჩვენი პასუხი პოტენციურ მომავალ პროვოკაციებზე, მათ შორის იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გზით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.  

კამალა ჰარისი: შეერთებული შტატები ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის. შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და NATO-ში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში,“ წერია წერილში, რომლის თარგმანსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინისთვის დამატებით, $1.5 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა

მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, რომელიც სამიტზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებისთვის. კერძოდ, 824 მლნ დოლარი განკუთვნილი იქნება ენერგეტიკის სექტორში ყველაზე გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევად, ინფრასტრუქტურის შეკეთების ჩათვლით, $379 მილიონი - საკვების, წყლის, თავშესაფრებისა და სხვა ჰუმანიტარული სერვისებისთვის, 300 მილიონი კი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ძალოვანი უწყების მხარდაჭერის ჩათვლით.  ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსას და მის გუნდს იტალიაში გაფორმებული ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებისთვის, ასევე, აშშ-ის კონგრესს, ორივე პარტიასა და პალატას, უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის მიმდინარე წლის აპრილში. „პუტინი ცდილობს, ომი გააფართოოს და კიდევ უფრო სისხლიანი გახადოს. მაგრამ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვხსნით ახალ შესაძლებლობებს დიპლომატიაში. უკრაინას ყოველთვის სჯეროდა დიპლომატიის ძალის. ომი ჩვენი არჩევანი არ არის, ეს პუტინის არჩევანია. დღევანდელ სამშვიდობო სამიტზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიპლომატიური გზით დავიწყოთ გზა ნამდვილი მშვიდობისაკენ. შეერთებული შტატების დახმარება მშვიდობის დამყარებაში მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეხვედრაზე განიხილეს გამოცხადებული ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტებიდან საბრძოლო ველზე იარაღის მიწოდების დინამიკა, ბრიგადების დაკომპლექტება, ფრონტზე, კერძოდ ხარკოვის რეგიონში არსებული ვითარება და დამატებითი შეთანხმებების განხორციელების პროგრესი პატრიოტის სისტემებთან დაკავშირებით. კამალა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და დიქტატორების წინააღმდეგობას. „მე აქ ვარ, რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, უკრაინასთან და ლიდერებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან," - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ერთვება

21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ნაციის გასაერთიანებლად, რათა დონალდ ტრამპი დაამარცხონ. ჰარისმა დაამატა, რომ არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ. CNN-ის და BBC-ს წყაროები ამბობენ, რომ კამალა ჰარისმა მალევე დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები წამყვან დემოკრატებთან, მათ შორის, კანონმდებლებსა და გუბერნატორებთან, ხოლო ჰარისის გუნდმა - ელექტრონული წერილების გაგზავნა საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად. 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს. ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას. კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ დემოკრატებმა ჰარისის გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ და არ დაუშვან დიდი საფრთხე - ტრამპის მეორე ვადით არჩევა. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის დონალდ ტრამპმა 21 ივლისს CNN-ს განუცხადა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება კიდევ უფრო იოლი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.  

ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, „დემოკრატიულმა პარტიამ“ $55 მილიონზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა - Politico

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა. Politico-ს ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით, ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს. ეს თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას. კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ერთვება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია. „ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს ხშირად მიყვებოდა. ის მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მამა და როგორი ადამიანია ჯო ბაიდენი. თვისებები, რომლებსაც ბო პატივს სცემდა, ის თვისებებია, რომლებსაც მე ჩვენს პრეზიდენტში ყოველდღე ვხედავ, მისი პატიოსნება, მისი რწმენისა და ოჯახის ერთგულება, მისი დიდი გული და ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მე პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ,“ - განაცხადა კამალა ჰარისმა. კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს კამპანიის პირველი სრული დღეა და დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში მიემგზავრება, სადაც ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო კამპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს.  

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

დემოკრატიული პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მინესოტის გუბერნატორი, 60 წლის ტიმ უოლცი იქნება, რომელიც ეროვნული გვარდიის ვეტერანია. დემოკრატი გუბერნატორი მინესოტადან ყოფილი კონგრესმენია, ის ამერიკის კონგრესში 12 წელი მსახურობდა. როგორც გუბერნატორი, მინესოტაში უოლცი ამერიკული მედიის ინფორმაციით ფართო პოპულარობით სარგებლობს. შტატში დემოკრატები ორივე პალატაში ლიდერობენ. მედია წერს, რომ ამის გამო გუბერნატორმა იქ რამდენიმე რეფორმა წარმატებით გაატარა. მათ შორის ასახელებენ: აბორტზე ქალების ხელმისაწვდომობის გაზრდას; რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას; იარაღზე წვდომის შეზღუდვას; სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფას და ახალშობილთა მშობლებისთვის ანაზღაურებული შვებულების შეღავათის გაფართოებას. 60 წლის უოლცი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ვეტერანია. მას მასწავლებლობის და ახალგაზრდებთან მუშაობის ხანგრძლივი სტაჟიც აქვს. პარალელურად გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში შეხვედრები აქვთ დაგეგმილი პენსილვანიაში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, არიზონასა და ნევადაში. საარჩევნო კამპანიას განაგრძობს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი. ვენსი ამ კვირაში პენსილვანიაში გეგმავს ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას.  

მედია: კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა

NBC News-ის ცნობით, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა. როგორც ამერიკული მედია წერს, „დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი 600 მილიონ დოლარს მიაღწევს. ცნობილია, რომ გასულ თვეში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდმა 310 მილიონი დოლარი შეაგროვა.  

ისტორიული დებატები ჰარისსა და ტრამპს შორის -პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარი გზავნილები

ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საპრეზიდენტო დებატები შედგა. 90 წუთი 2 სარეკლამო ჭრით, 2 წუთი საპასუხოდ და 1 წუთი პასუხზე რეაგირებისთვის, კანდიდატებმა არ იცოდნენ კითხვები, რომლებზეც უნდა ეპასუხათ - ასეთი იყო დებატების წესები. აუდიტორიაში მაყურებლები არ ისხდნენ. დებატები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში გადაიცემოდა და ის დევიდ მუირს და ლინდსი დეივისს მიჰყავდათ. დებატები კანდიდატებმა ხელის ჩამორთმევით დაიწყეს. ჰარისმა განაცხადა, რომ ხალხი ტრამპთან შეხვედრებს ადრე ტოვებს "დაღლილობისა და მოწყენილობის გამო."  BBC-ს ცნობით, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ჰარისმა დებატები მოიგო, მაგრამ ტრამპის შეფასებით, რომ ჰარისმა "ძალიან ცუდად წააგო." ეს არ არის ამერიკის ისტორიაში პირველი დებატები, როდესაც მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობს, თუმცა ესაა პირველი დებატები, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში ქალი ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობს. ეს 2024 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესში მეორე საპრეზიდენტო დებატებია. პირველი დებატები მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შედგა. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ივლისში საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, კამპანიაში კამალა ჰარისი ჩაერთო. დებატების დროს, კამალა ჰარისი ხშირად იმეორებდა კამპანიის გზავნილს, რომ წარსულში დაბრუნება არ სურს, რომ დროა, ქვეყანა წინ წავიდეს და რომ ქვეყანაში სიახლეების დროა. დონალდ ტრამპი კი, ყველაზე ხშირად საიმიგრაციო საკითხებს უსვამდა ხაზს და საზღვრის უსაფრთხოებაზე საუბრობდა. ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები გამოკითხვების მიხედვით, ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორისაა, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად აწუხებთ. კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა თავის წარმომავლობას და იმას, რომ თავად საშუალო კლასის წარმომადგენლების ოჯახში გაიზარდა. შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ კარგად ესმის ამ ფენის გამოწვევები და აპირებს, სწორედ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოს. პრეზიდენტმა ტრამპმა კი, განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გაუარესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არალეგალური იმიგრაციაა, რომ უკანონო იმიგრანტები ამერიკის ეკონომიკას ძირს უთხრიან, სამუშაოს ართმევენ რიგით ამერიკელებს და რომ ის სწორედ ამ საკითხის მოგვარებას აპირებს. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ გადასახადებს შეამცირებს. აბორტის უფლება აბორტის უფლება ბოლო პერიოდში ამერიკაში ერთ-ერთი მწვავე საკითხი გახდა. 2022 წელს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „რო ვეიდის წინააღმდეგ“ - ისტორიული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ქალებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ამის შემდეგ, შტატებს მიეცა უფლება, თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა აბორტი. ტრამპმა განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და რომ ექვსმა მოსამართლემ, რომელმაც ხმა დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, სწორი ნაბიჯი გადადგა. ექვსიდან სამი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, მისი დანიშნულია. ტრამპის თქმით, ის აბორტის ეროვნულ დონეზე აკრძალვის შემოღებას არ აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება. მისი თქმით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან შტატები ამ საკითხს უკვე თავად აგვარებენ. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აბორტის უფლების მომხრეა. ის ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ არავინ უნდა ეუბნებოდეს ქალებს, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ სხეულს. მან რამდენიმე მძიმე მაგალითი მოიყვანა, როდესაც ქალებს, აბორტის აკრძალვის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გაპრეზიდენტის შემთხვევაში, ის კვლავ აამოქმედებს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებულ გადაწყვეტილებას. უკანონო იმიგრაცია და საზღვრის დაცვა იმიგრაციის და საზღვრის კვეთის თემაზე, დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან. კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკის კონგრესში იყო წარდგენილი და რომელსაც საზღვრის არალეგალური კვეთის, მათ შორის, საზღვარზე ფენტანილის და იარაღის არალეგალური გადატანის საკითხი უნდა მოეგვარებინა, რესპუბლიკური პარტიის წევრების ნაწილმა დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს დონალდ ტრამპის ჩარევით მოხდა. ამაზე დებატებზე თავად კამალა ჰარისმაც ისაუბრა. ჰარისმა ტრამპი საზღვარზე არსებული მძიმე მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ კანონპროექტის დაბლოკვით, ტრამპი საკუთარ ამომრჩევლებთან ქულებს იწერს, მან პრობლემის მოგვარებას არჩია, ეს საკითხი საარჩევნო პლატფორმის ნაწილად ექცია. ტრაპის თქმით კი, დემოკრატები კრიმინალებს და დამნაშავეებს ამერიკის საზღვრის კვეთის უფლებას აძლევენ და ეს ქვეყანას ვნებს. ტრამპი დებატების დროს, ასევე ამტკიცებდა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დამნაშავეობის დონე დაბლა იწევს, ამერიკაში პირიქით, მატულობს. თუმცა, მოდერატორმა იქვე შენიშნა, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს მონაცემებით, ეს ინფორმაცია სწორი არაა და ამერიკაში კრიმინალის დონე კლებულობს. საიმიგრაციო საკითხებზე საუბრისას, კამალა ჰარისმა ტრამპს მოუწოდა, არ ესაუბრა იმიგრანტების სავარაუდო კრიმინალურ საქმეებზე, როდესაც, მას თავად აქვს რამდენიმე ათეული ბრალი წაყენებული. ტრამპი მის წინააღმდეგ წარმოებულ და დაწყებულ სასამართლო საქმეებსა და განხილვებს ძალაუფლების იარაღად გამოყენებას უწოდებს. მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ტრამპი "კუდიანებზე ნადირობად" თვლის და ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სასამართლოს თავისი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტრამპი უარყოფს თავის ჩართულობას 2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში, მის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეში. მის წინააღმდეგ ამის გამო სასამართლო საქმეც მიმდინარეობს. ტრამპმა დებატების დროს თქვა, რომ თავის სიტყვით გამოსვლაში, მოქალაქეებს მოუწოდა, „მშვიდობიანად და პატრიოტულად“ მოქცეულიყვნენ. შეკითხვაზე, ნანობს თუ არა 6 იანვარს თავის საქციელს, ტრამპმა თქვა: „მე არაფერი გამიკეთებია“. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხი კანონმდებელ ნენსი პელოსის და ვაშინგტონის მერს უნდა მოეთხოვოთ. შეკითხვას, აღიარებს თუ არა, რომ მან გასული საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ის დღემდე თვლის, რომ არჩევნები სწორად არ ჩატარდა. ისრაელ - „ჰამასის“ ომი „ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს,“ - თქვა კამალა ჰარისმა. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის და მოქმედი ადმინისტრაცია განაგრძობენ მუშაობას იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რომ ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების გამოსავალი არსებობდეს. ჰარისი ამბობს, რომ ისრაელს ყოველთვის მისცემს თავდაცვის საშუალებას, მაგრამ აუცილებელია ღაზის მოსახლეობის უფლებების დაცვა და ღაზის თავიდან აშენებაც. „მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა,“ - განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არც უკრაინაში ომს არ დაუშვებდა. ტრამპი ამტკიცებდა, თითქოს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს სძულს ისრაელი და ამავდროულად, არაბი მოსახლებაც, რასაც ჰარისმა ტრამპის მხრიდან ნათქვამი ტყუილი და სიმართლიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. რუსეთ-უკრაინის ომი „მე ომის შეწყვეტა მინდა, სიცოცხლეების გადარჩენა,“ - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა შეკითხვას, სურს, თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს. ტრამპმა გაიმეორა თავისი ცნობილი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ომის დასრულება შეუძლია, რომ კარგად იცნობს, როგორც ვლადიმერ პუტინს, ისე ვოლოდიმირ ზელენსკის და რომ მას მოლაპარაკების შესაძლებლობა აქვს. კამალა ჰარისმა კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო და თქვა, რომ ომის დროს ამერიკის პრეზიდენტი რომ ტრამპი ყოფილიყო, პუტინი ახლა უკვე კიევში იჯდებოდა. კანდიდატებმა ასევე ისაუბრეს ავღანეთის თემაზე, ქვეყნიდან ამერიკისა და NATO-ს ჯარების გამოყვანაზე, ასევე რასობრივ პრობლემებზე, ჯანდაცვის საკითხებზე და კლიმატის ცვლილების თემაზე. დებატები საპრეზიდენტო კანდიდატთა დასკვნითი მიმართვით დასრულდა, რომელშიც მათ საკუთარი საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები გაიმეორეს. წყარო  

Microsoft: რუსული პროპაგანდისტული ჯგუფი კამალა ჰარისზე ყალბ ცნობებს ავრცელებს

Microsoft-ის ახალი კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული ჯგუფი კამალა ჰარისზე ყალბ ცნობებს ავრცელებს. Microsoft-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი ტროლები გააქტიურდნენ აგვისტოს ბოლოს, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ჰარისის სასარგებლოდ წინასაარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. კომპანია მოელის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, კრემლის მომხრე როგორც ძველი, ისე ახალი "ტროლების ფაბრიკები" განაგრძობენ დადგმული ვიდეოების გავრცელებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. Microsoft-ის ანგარიშში ასევე ნახსენებია "ტროლების ფაბრიკების" მსგავსი საქმიანობა ირანსა და ჩინეთში. ტროლების დაჯგუფება Storm-1516-მა შექმნა და გაავრცელა ორი ფეიკვიდეო, რომელთაგან თითოეულმა მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. პირველ ვიდეორგოლში, თანმხლები ტექსტის თანახმად, „ჰარისის მომხრეები მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის მომხრეთა მიტინგში მონაწილეებს ესხმიან თავს“. მეორე დადგმულ ვიდეორგოლში კი, ერთ-ერთი გმირი ქალი ამტკიცებს, რომ 2011 წელს მას მანქანით დაეჯახა ჰარისი, რის შედეგადაც ის პარალიზებული იქნა. ფეიკვიდეოები კი, ტროლებმა გამოაქვეყნეს მასმედიის სახელს ამოფარებულ საიტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინაა შექმნილი. 59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო. კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა.  

ამერიკა 47-ე პრეზიდენტს ირჩევს

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭისყრა უკვე დაიწყო - მჭიდრო რბოლაში დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი იბრძვიან. ყველა წინასწარი გამოკითხვა აჩვენებს, რომ კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობა არცერთს არ აქვს და რიგ შემთვევაში, მათ მიმართ მხარდაჭერა თანაბარიც არის. ახალი პრეზიდენტის არჩევას და საბოლოო შედეგების გამოვლენას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. ნაადრევი ხმის მიცემის უფლებით 76 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე ისარგებლა. 2024 წლის არჩევნებისთვის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 161 მილიონს აჭარბებს. წინა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა 155 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო. არჩევნების წინ ტრამპი და ჰარისი კვლავ ე.წ. მერყევ შტატებში ჩავიდნენ. დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიების მიზანი ამომრჩეველთა იმ ნაწილს მიმხრობაა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმა ადრეულ არჩევნებზე ჯერ არ მიუცია და შესაძლოა, 5 ნოემბრის საყოველთაო კენჭისყრაზე წასვლაზეც ყოყმანობდეს. დემოკრატთა კანდიდატი კამალა ჰარისი, კვირას, მიჩიგანის შტატში ჩავიდა, შვიდი შტატიდან ერთ-ერთში, სადაც გამოკითხვების მიხედვით, მისი და ტრამპის პოპოულარობის მაჩვენებლები ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა და შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგი გაურკვეველი რჩება. პოლიტოლოგთა ანალიზის მიხედვით, ის კანდიდატი, რომელიც ამ შვიდიდან ოთხს ან მეტს მოიგებს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იქნება. დონალდ ტრამპი, კვირას საარჩევნო კამპანიას პენსილვანიის შტატში შეუდგა, საიდანაც შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინისკენ გაემართა. ორივე შტატი ე.წ. მერყევ შტატთა შვიდეულში შედის. ტრადიციის მიხედვით, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა. დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს. კანდიდატების დაპირებები დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა, 29 ოქტომბრის შემაჯამებელი გამოსვლისთვის თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია. რესპუბლიკელთა ნომინანტმა დონალდ ტრამპმა კი, წინასაარჩევნო შეხვედრა პენსილვანიაში გამართა. ჰარისი, რომელიც მხარს უჭერს აბორტის უფლებებს, პირობას დებს, რომ ოჯახებისთვის საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს შეამცირებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს საზღვრის დაკეტვით, კედლის მშენებლობის დასრულებით და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს. ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, არალეგალური მიგრაციის გამო ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, რომლებიც თავიანთი ტერიტორიიდან აშშ-ში ემიგრანტების ნაკადს არ ზღუდავენ. ტრამპის და ჰარისის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ამბობს, რომ სჯერა შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტების მართვისთვის ალიანსები უნდა აშენოს. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ძლიერების ჩვენებას და მის არაპროგნოზირებად ბუნებას შეუძლია, ომები იქამდე შეაჩეროს, ვიდრე ისინი დაიწყება. რუსეთის ჩარევის საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ინფორმაციით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა - ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები. „რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ცნობით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც. არჩევნების შედეგი ისტორიული იქნება იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს - რატომ?  ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება პირველი ხანდაზმული პრეზიდენტი (78 წლის), რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. პირველი პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო იმპიჩმენტზე წარდგენილი და პირველი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს. დემოკრატმა გრუვერ კლივლენდმა 1884 წელს მოიგო არჩევნები, 4 წელიწადში წააგო და იგივე ოპონენტთან, 1892 წელს არჩევნებში ისევ გაიმარჯვა. 130 წელზე მეტია, ამერიკაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. კამალა ჰარისის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი, ასევე, პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი და სამხრეთ აზიური წარმოშობის. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის დაგროვება სჭირდება. გამარჯვებული კანდიდატი ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება და 4-წლიანი ვადით თეთრ სახლში საქმიანობას, მომავალი წლის 20 იანვარს შეუდგება.  

ჰარისი: ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი

„დღეს ჩემი გული სავსეა, სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით,“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს პირველად ამ სიტყვებით მიმართა. ”ამ არჩევნების შედეგი არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით, არ არის ის, რისთვისაც მივეცით ხმა, მაგრამ როცა ვამბობ, ამერიკული დაპირების შუქი ყოველთვის იკაშკაშებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავნებდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას,“ განაგრძო ჰარისმა. „ვიცი, რომ ბევრი თავს გრძნობთ ისე, თითქოს, ბნელ პერიოდში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით," მიმართა ჰარისმა მხარდამჭერებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ დანებდნენ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა აღნიშნა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები. ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს. „მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში." კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. „ხელები არ ჩამოუშვათ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მთავარია, არასოდეს არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა," - ამბობს ჰარისი. ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რომ „ჩაერთვებიან ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში.“   „ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ჩვენ ჩავერთვებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით,“ აღნიშნა ჰარისმა.   ჰარისმა ასევე ისაუბრა დემოკრატიაზე - ეს მისი კამპანიის ცენტრალური ნაწილი იყო.     „ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვიღებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი, ჩვენი სინდისა და ღმერთისადმი.“ კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მისი მხარდამჭერები ყველას მოექცნენ სიკეთითა და პატივისცემით, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, რომლებიც დაცული უნდა იყოს.“ ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, მაგრამ არა „ამერიკის მომავლისა და იდეალებისთვის ბრძოლაში.“   „ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ბრძოლაზე კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის,“ განაცხადა ჰარისმა.   რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია