თეგი: კამჩია
ბულგარეთს რუსეთისთვის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტის ჩამორთმევა სურს
ბულგარეთში, მმართველი უმრავლესობის დეპუტატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩამოართვას რუსეთს ტურისტული კურორტი კამჩია. კურორტი კამჩია მოსკოვის მუნიციპალური ქონების დეპარტამენტის საკუთრებაა, მაგრამ ის იმართება ბულგარეთის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ოფიციალურად არ ექვემდებარებიან. „კოალიციის - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“, პარლამენტის წევრი ივაილო მირჩევი კურორტს ბულგარეთის სანაპიროზე რუსეთის ანკლავს უწოდებს, რომელიც 14 წელზე მეტია, ფუნქციონირებს. „საკანონმდებლო ინიციატივა დიდი ხანია, დაგვიანებულია, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს 2014 წლიდან და ახალი სანქციები მიიღება რუსეთის აგრესიის საპასუხოდ,“ - განაცხადა მირჩევმა და დასძინა, რომ იმისათვის, რომ ბულგარეთმა შეასრულოს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულება, პარლამენტმა კონკრეტული კანონი უნდა მიიღოს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეიძლება, რუსული ტურისტული ცენტრი კამჩია ევროპაში რუსული გავლენის გასავრცელებლად გამოიყენებოდეს. ერთი კვირის წინ, ბულგარულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ქონების დეპარტამენტმა რუსეთის ნავთობის გიგანტის ლუკოილის ხელმძღვანელის დანიშვნა მოითხოვა კამჩიას ცენტრის დირექტორად. მოსკოვის ეს დირექტივა კურორტ კამჩიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული აქტივების შესაძლო ჩართმევის ფონზე გახდა ცნობილი. ბულგარეთის ხელისუფლების მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ბულგარეთში 500,000-ზე მეტ ქონებას დაახლოებით, 300,000 რუსი ფლობს. ბულგარეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის რომელიმე ფიზიკური პირის ან სუბიექტის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ქვეყანას ოფიციალურად არ აქვს სანქციების აღსრულების ინსტრუმენტები. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კამჩაის თემა უკვე უსაფრთხოების საკითხადაც იქცა. ბულგარეთის შავი ზღვის იზოლირებულ სანაპიროზე, ხეებს შორის კამჩიის სანატორიუმი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობს. აქ არის სასტუმროები, სპორტული დარბაზები, სკოლა, საკონფერენციო ცენტრები და ობსერვატორიაც კი. სოფელ ბლიზნაცის მიწა საკურორტო ქალაქ ვარნადან 25 კილომეტრში მდებარეობს. მიწა მოსკოვის მთავრობამ 2008 წელს შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბულგარეთის კანონმდებლობით, უცხოელებისთვის და უცხოური კომპანიებისთვის ეს შეუძლებელი იყო. მოსკოვმა კერძო სანაპირო ჩაიგდო ხელში და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებიც გადაიხადა. სოფიამ კი, მილიონები დახარჯა, რომ ამ კომპლექსისთვის წყალსადენი გაეყვანა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპლექსი დაიხურა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი გაჩნდა კითხვა, რამდენად სწორია, ეს მიწა ეკუთვნოდეს რუსეთს, რომელიც ბულგარეთს „არამეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს, მით უფრო ახლა, როცა რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შავი ზღვის სანაპიროს ნაწილს ფლობდნენ. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას ქონების უკან დაბრუნება რომც უნდოდეს, ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს - თუ დაამტკიცებს, რომ ის თაღლითობით არის შეძენილი. მსგავსი რამის დამტკიცება კი, გაჭირდება. კამჩიის კომპლექსის შესყიდვის ისტორია 1990-იან წლებში იწყება. კომპანია „ბალკანტურისტი“ თავის ქონებას ჰყიდდა. ეს კომპანია 1989 წლამდე, კომუნისტური რეჟიმის დროს ტურიზმით იყო დაკავებული. 2003 წელს მოსკოვის მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე ნაკვეთების მიტაცება დაიწყო.