თეგი: კანდიდატის სტატუსის მინიჭება
კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, უფრო მეტად უნდა მოხდეს ჩვენი მეგობრების მობილიზაცია - დარჩიაშვილი
აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - უფრო მეტად უნდა მოხდეს, ამ მიმართულებით, ჩვენი მეგობრების მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია "საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს. "ჩვენ შევეხეთ რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ რაუს ის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.