თეგი: კატარინა მატერნოვა
კატერინა მატერნოვა: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 პრიორიტეტის შესრულების გარეშე არ მოხდება, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მოისმინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ინკლუზიურად მიღების მზაობა. მისი თქმით, ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო რეაქციები ვენეციის კომისიის ორ შეფასებაზე, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა. ერთი - უფრო ფართო სასამართლო რეფორმაზე და მეორე - დეოლიგარქციზაციაზე. „რაც უმრავლესობისგან, „ქართული ოცნების” წარმომადგენლისგან მოვისმინეთ იყო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მზაობა და ამის ინკლუზიურ პროცესში გაკეთების მზაობა. ვფიქრობ, ეს თბილისში ჩვენი კონსულტაციების ძალიან გამამხნევებელი დასასრული იყო”, - განაცხადა კატარინა მატერნოვამ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი: იმედი მაქვს, მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ. მატერნოვას თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის და ამ ეტაპზე ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს. „ერთ-ერთი არგუმენტი, რომელი საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის ის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არამხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, - განაცხადა მატერნოვამ.