თეგი: კაფე
კალაძის თქმით, აღმაშენებელზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე 40-მდე ღია კაფე ფუნქციონირებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს გონივრულ ვადას აძლევს, რომ გარე პერიმეტრზე განთავსებული დასაჯდომი სივრცეები მოაწესრიგონ. კალაძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიას რეაგირება და საკითხში მუნიციპალური ინსპექციის ჩართვა მოუწევს. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს თბილისის მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს. „აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის კვეთამდე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები პრობლემას უქმნის გადაადგილებისას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ყველა იმ პირს, ვინც ამ ქუჩაზე დღის განმავლობაში გადაადგილდება. ჩვენ ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ? მაგრამ ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე განახლდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. პანდემიის პერიოდში ყველანაირად გვერდში დაგიდექით, რომ აღნიშნული სივრცეები მოგეწყოთ გარეთ, რადგან შიგნით შეზღუდვა იყო. იმისთვის, რომ ბიზნესის თვალსაზრისით პრობლემები არ შეგქმნოდათ, მოგეცით შესაძლებლობა, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ. თუმცა, მძიმე მდგომარეობაა ვიზუალური თვალსაზრისითაც, გემოვნების თვალსაზრისითაც, ასევე, ორივე მხარეს იმდენადაა გამოწეული დასაჯდომი სივრცეები, გავლა შეუძლებელია; ამასთან, სახანძრო საჭიროების ან სასწრაფო დახმარების თვალსაზრისითაც პრობლემაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გეძლევათ ვადა, რომ მოაწესრიგოთ აღნიშნული პრობლემა - როგორც ვიზუალური მხარე, ასევე, ნებართვების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება მოგვიწევს და ჩართული იქნება მუნიციპალური ინსპექცია. გაქვთ დრო, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ვიზუალური მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, თქვენთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.