თეგი: კაჩინსკი
პოლონეთის ახალი მთავრობა პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელ კომისიას აუქმებს
პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას შლის. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა. კომისიის წევრებს ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად, ვადა 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის წევრების საქმიანობას შეისწავლის. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის საქმიანობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრები სახელმწიფოს რესურსებს ფლანგავდნენ. პოლონეთის ყოფილი მთავრობა და მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანტონ მიცარევიჩი მიიჩნევდნენ, რომ 2010 წელს, პოლონეთში მომხდარი ავიაკატასტროფა მოსკოვის სპეცოპერაცია იყო. კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომა დაასახელა. საავიაციო კატასტროფების კვლევის ექსპერტის ფრენკ ტეილორის მოხსენების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა განადგურდა შიგნიდან აფეთქების შედეგად; იყო აფეთქების რამდენიმე წყარო; და, ხე, რომელსაც ლაინერი შეეჯახა დაცემის დროს, არ იყო ფრთის თავდაპირველი განადგურების მიზეზი.