თეგი: კახაბერ ნათაძე
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე გათავისუფლებულები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, კახაბერ ნათაძე 2021 წლის 10 დეკემბერს ვლადიმერ კანიაშვილთან ერთდ ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში დააკავეს. კანიაშვილი 2022 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს. ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე კი, 2021 წლის 12 დეკემბერს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს დააკავეს. უკანონო პატიმრობაში ამ დროის მონაცემებით, საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება.