თეგი: კახა წიქარიშვილი
სასამართლომ იუსტიციის საბჭოს არასამომართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნა შეაჩერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება შეაჩერა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა. განცხადებაში, რომელიც სასამართლომ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი (მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი). კაკოჩაშვილმა, რომელიც წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, მოითხოვა „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის [მანუჩარ კაკოჩაშვილის] დანიშვნის დავალება.“ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა. კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი. კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი; თამარ ალფაიძე - სეუ-ს პროფესორი. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, მათ შორის წიქარიშვილი გამოარჩია. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების შეჩერების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე მიუთითებს და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს - ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს ამ საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ. „დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,“ - განაცხადა მსხილაძემ. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა: „პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის.“