თეგი: კახოვკის ელექტროსადგური
უკრაინა კახოვკის დანგრეული ჰიდროელექტროსადგურის ადგილას, ახალ სადგურს ააშენებს - Ukrhydroenergo
როგორც კი ის ტერიტორიას გაათავისუფლებს, უკრაინა ახალ ელექტროსადგურს ააშენებს კახოვკის დანგრეული ჰიდროელექტროსადგურის ადგილას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, განაცხადა 6 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Ukrhydroenergo-ს ხელმძღვანელმა იჰორ სიროტამ. „ჰიდროსტრუქტურები იშლება და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან სწრაფად მოგვიწევს ახალი სადგურის აშენება. ჩვენ ავაშენებთ უფრო ლამაზ და მძლავრ სადგურს იმავე ადგილას", - ციტირებს მის სიტყვებს უკრაინული მედია. ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლება გეგმავს დამატებითი ჭაბურღილების გამართვას ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებში სუფთა წყლის მისაღებად. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.
რუსეთის ჯარებმა ხერსონის დატბორილი რეგიონი, ადგილზე ზელენსკის ჩასვლიდან მალევე დაბომბეს - მედია
რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს. მანმადე, 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონს ეწვია. იქ მაშველთა ჯგუფები მუშაობენ მდინარე დნეპრზე კაშხლის განადგურებით გამოწვეული ყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ათასობით ადამიანის გადასარჩენად. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ხერსონის კორაბელის რაიონში დაახლოებით 14_00 საათზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა (თბილისის დროით 12:00). ამ დროს მაშველები რეზინის ნავებით აგრძელებდნენ ადამიანების ევაკუაციას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული სტიქიის ზონა. მოსახლეობამ და მაშველებმა ერთ-ერთ მშრალად გადარჩენილ მონაკვეთზე მდებარე შენობებს შეაფარეს თავი. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსები ბომბავდნენ ხერსონის სანაპირო ზონებს და ქალაქ ხერსონის ცენტრს. უკრაინის არმიის ჯარისკაცმა, რომელმაც ვინაობის გამჟღანვება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის არტილერიის მთავარი სამიზნე იყო დატბორილი სარკინიგზო ხიდი. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ აიძულა რუსეთის ჯარები, დნეპრიდან აღმოსავლეთით კიდევ უფრო ღრმად დაეხიათ უკან, ისინი განაგრძობდნენ მდინარის იმ ნაპირის დაბომბვას, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო აბრკოლებს წყალდიდობის შედეგად გადაადგილებული ნაღმები. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ხერსონის ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ СNN იტყობინება. დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელი, პოლიციელი, ექიმი და მოხალისე გერმანიიდან, განაცხადა ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.
რა ვითარებაა კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებულ ხერსონის ოლქში
12 ივნისის დილის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში, წყლის დონე 3 მ 29 სმ-მდე დაეცა, ხოლო მიკოლაივში წყლის დონე, ღამით 6 სმ-ით შემცირდა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგებზე რეაგირების მეშვიდე დღეა. ამ დროისთვის წყალი აგრძელებს კლებას, უკვე მიაღწია 3 მ 29 სმ-ს და გუშინდელთან შედარებით, 64 სმ-ით არის შემცირებული. 46 ქალაქი, დაბა და სოფელი დატბორილი რჩება - 32 მარჯვენა სანაპიროზე და 14 - მარცხენა სანაპიროზე (რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია). გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 3801 სახლი დაიტბორა. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილი ადგილებიდან 2743 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 228 ბავშვი და 77 შეზღუდული გადაადგილების მქონე ადამიანი. „მხოლოდ ხერსონიდან 2318 ადამიანის ევაკუაცია განვახორციელეთ. მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. რუსები ევაკუაციას ბლოკავენ და თვითონ არ ახორციელებენ. ისინი ასევე ცეცხლის გახსნით გვიშლიან ხელს ჩვენი ხალხის გადარჩენაში. ჩვენი სამაშველო ოპერაცია მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. იქიდან უკვე 112 ადამიანი გამოვიყვანეთ. მე არ შემიძლია ყველა დეტალის გამხელა“, - ამბობს პროკუდინი უკრაინული მედიის ცნობით. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
6 ივნისს, უკრაინაში, ნოვა კახოვკაში კაშხალზე მომხდარმა აფეთქებამ, საერთაშორისო საზოგადოებას ათქმევინა, რომ მომხდარი ადასტურებს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ახალ განზომილებას და რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევის საწყის ფაზაშია და ამის პარალელურად ხდება „დატბორვით დაშინება“, რომლის შესახებაც, კიევი დიდი ხნის წინ გამოდიოდა გაფრთხილებით და დიდი ალბათობით, უკრაინას სამოქმედო გეგმაც ექნებოდა. ამასთან, დაიწყო თუ არა ომის ახალი ფაზა, ამ საკითხების გარკვევას Europetime უცხოელ მკვლევრებთან შეეცადა. ასევე გაეცანით სტატიას: რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან. 6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს. „ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა
შავი ზღვის მარილიანობის შემცირებას კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევას უკავშირებენ კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ სპეციალურ შტაბზე დაყრდნობით წერენ. გარემოსდამცველები უფრო ადრე აღნიშნავდნენ, რომ შავი ზღვის გამტკნარება საფრთხეს შეუქმნის წყალმცენარეების ყვავილობას. კაშხლის განადგურების შედეგად შესაძლოა, ზღვის წყალს კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შერეოდა. სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამი ადგილიდან აიღეს შავი ზღვის წყლის სინჯები. ორ რაიონში მარილიანობა დადგენილ ნორმაზე 2,9-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ერთში კი - 2,7-ჯერ. ერთ რაიონში ზღვის წყალში რკინის შემცველობა გაზრდილია 9-ჯერ, მეორე ადგილას - 5,2-ჯერ და მესამეზე - 3,4-ჯერ. ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განცხადებით, ამის გამომწვევი მიზეზი კაშხლის გარღვევების შედეგად ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია. „დნეპრის წლიური შენაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, ახლა კი დამატებით 10 - ერთ კვირაში“. ოდესის სანაპიროებზე ზღვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება, წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ. კახოვკის კაშხალი 6 ივნისის ღამეს განადგურდა. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 20 - დაშავდა, 35 კი, დაკარგულად ითვლება. რუსული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.