თეგი: კესარია აბრამიძე

ომბუდსმენი: სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება, განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. „პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს,“ - წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია  

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის იმ დროს აიყვანეს, როცა  ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე და დაახლოებით, 15 წუთში როგორ ტოვებს სადარბაზოს. მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვა. მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. „ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა. ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს,“ - აცხადებენ პროკურატურაში. 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, 26 წლის ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს. ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა ჟურნალისტებს 19 სექტემბერს დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, რომ მათი საუბარი კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. არდოტელის თქმით, ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია. „გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება,” - განაცხადა არდოტელმა.