თეგი: კიბერუსაფრთხოება
FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ
სპორტსმენებმა და ვიზიტორებმა, რომლებიც მიდიან პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტელეფონები სახლში უნდა დატოვონ და ამის ნაცვლად დროებითი ტელეფონები გამოიყენონ, BBC-ის ცნობით, ეს FBI-ს მოთხოვნაა. მიზეზი კიბერუსაფრთხოება და მოვლენებზე კიბერაქტივობების შესაძლო უარყოფითი გავლენაა. „FBI მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, დატოვონ პირადი მობილური ტელეფონები სახლში და გამოიყენონ დროებითი ტელეფონი თამაშებზე ყოფნისას", - წერია განცხადებაში. FBI-მ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოუწოდა პარტნიორებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაიმართება. ჩინეთის მთავრობა 3,9 მილიარდ დოლარს (2,9 მილიარდი ფუნტი) ხარჯავს მოახლოებულ თამაშებზე. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ჩინეთში უიღურების მიმართ მოპყრობის გამო, მთავრობებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა - ექსპერტი, უკრაინის რადას ყოფილი მრჩეველი
NATO-მ 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოება აღიარა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინი. მანამდე არსებულ: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურს, მეხუთე პუნქტად დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ჰიბრიდულ ომებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიმართულებას. მით უფრო მაშინ, როცა კიბერომი შეიძლება, უშუალოდ სამხედრო შეტაკებების გარეშეც, მშვიდობიანობის დროსაც მიმდინარეობდეს. რა არის კიბერუსაფრთხოება, როგორ შეძლო უკრაინამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაეცვა რუსული კიბერშეტევებისგან, რა ვითარებაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, რა საფრთხეების არიდება შეუძლია საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით, რა გამოწვევას და რისკებს უქმნის ქვეყანას რუსული კომპანიების არსებობა, როგორიცაა, „იანდექსი“, „ვითიბი ბანკი“ და სხვა. ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან. ET: რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითთან ერთად, დაიმსხვრა თუ არა, კიბერსივრცეში რუსეთის უძლეველობის მითი? მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი. გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა. თუმცა აქ აღმოჩნდა ის, რომ გარდა სამხედრო ძლიერების მითის დამსხვრევისა, ამ ომში რუსეთის კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, რომ თითქოს, კიბერსივრცეშიც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო. Anonymous-ის გამოჩენის შემდეგ, ეს მითი აღარ არსებობს. რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შეიქმნა ეს მითი. რუსეთმა პირველი კიბერშეტევა 2007 წელს, ესტონეთზე განახორციელა, როდესაც ესტონეთმა 9 მაისის თემა გააპროტესტა და საბჭოთა ჯარების ძეგლის აღებაზე დაიწყო საუბარი. ესტონეთის ეს პოზიცია ამავე ქვეყნის რუსულენოვანმა მოსახლეობამ გააპროტესტა. სწორედ მაშინ მოხდა რუსეთის მიერ ესტონეთზე მასშტაბური კიბერშეტევა. მეორე მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოზე განახორციელდა, რომელიც უკვე კიბერომი იყო და არამხოლოდ მასშტაბური შეტევა. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა ისაა, რომ კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო. ომამდე პერმანენტული კიბერშეტევები ჰქონდა და საქართველოს სუსტ ადგილებს ეძებდა. საქართველოში მაშინ კიბერუსაფრთხოება საერთოდ არ არსებობდა. უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევებიც ხორციელდებოდა. ქვეყნის მასშტაბით საიტების 80 პროცენტი დააზიანეს. აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ძალიან დაგვეხმარნენ. კიბერინფრასტრუქტურის აღდგენა სწორედ მათი დახმარებით დაიწყო. 2008 წელს, კიდევ ერთი მასშტაბური კიბერშეტევა, ლიეტუვაზე განხორციელდა. მერე - ლატვიასა და „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისზე. თუმცა საქართველოზე თავდასხმის მასშტაბებს, ნამდვილად ვერ შევადარებთ. ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, რუსეთმა პირველი კიბერომი საქართველოზე განახორციელა. საქართველოს შემთხვევა პირველი პრეცედენტი იყო. აქედან დაიწყო ჰიბრიდული ომის პირველი ჩანასახი. ამას მოჰყვა 2014-2015 წლებში უკრინაზე თავდასხმები. აქტიური კიბერშეტევები ხორციელდებოდა უკრაინაზე, რომელიც ბევრად დიდი მასშტაბის, ჰიბრიდული ომი იყო, კიბერთავდასხმების და ომის მასშტაბებს თუ გავითვალისიწნებთ. შემდეგ უკვე 2016-2017 წლებში, „პეტიას“ და „ვანა ქრაის“ სახელით, რუსეთის მიერ ძალიან ცნობილი კიბერშეტევები მოხდა. ზუსტად ამ ცნობილი „პეტიას“ კიბერშეტევის დროს, საქართველოში ფოთის პორტის კომუნიკაციები გაითიშა. ორი დღე მთელი პორტი ფაქტობრივად გათიშული იყო. წარმოიდგინეთ, შემოსული გემების აღრიცხვა ხელით უწევდათ. ამ ორი დღის გამო ფოთის პორტმაც და კომპანიებმაც სერიოზული ფინანსური ზარალი ნახეს. ყირიმის ანექსიამდე რუსეთმა უკრაინაში კიბერშეტევებით დააზიანა სატრანსპორტო კომპანიები, მეტრო და სხვა ინფრასტრუქტურა. 2015 წელს, 23-25 დეკემბერს დამაგვირგვინებელი კიბერშეტევა მოხდა, ცნობილი „ბლექ ენერჯის“ სახელით. უკრაინის ელექტროსისიტემა 2-3 დღით გაითიშა. წარმოიდგინეთ, დეკემბერში რა სიცივეა უკრაინაში და რა მასშტაბის დამაზარალებელი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით 300 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. 2020 წლის სექტემბერში ისევ საქართველოზე მოხდა შეტევა, ლუგარის ლაბორატორიაზე. ასევე, 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის სურათი გამოჩნდა წარწერით - „მე მალე დავბრუნდები“ . მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად ყველაზე მარტივი შეტევა იყო, მისი მიზანი გახლდათ არა რამის ტექნიკურად გაფუჭება, არამედ, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, ხალხში პანიკის დათესვა. 2020 წელს, ეს თავდასხმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გამოიძიეს. მაიკ პომპეომ პიდაპირ დაადანაშაულა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კონკრეტული სამხედრო ნაწილი. გამოძიების ეს დასკვნა სხვა ქვეყნებმაც აღიარეს და რუსეთის აღნიშნული თავდასხმები დაგმეს. 2008-2014 წლებში, საქართველოზე, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განხორციელებულ პერმანენტულ კიბერ შეტევებზე, ავტორიტეტულმა ამერიკულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაირაიმ“ გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ კიბერშტევები 09:00-დან 18:00 საათამდე ხორციელდებოდა. ჰაკერი ასე არ იქცევა. სერიოზული ვირუსის მოსამზადებლად, ჰაკერი 24 საათი მუშაობს, კვირები, თვეები, ან წლები. როცა დაასრულებს მუშაობას, შესაძლოა, ღამის 03:00 საათზეც კი დააჭიროს ღილაკს ხელი და ვირუსი გაუშვას. კონკრეტული სამუშაო დრო მათ არ აქვთ. ამ გამოძიების შედეგად გამოვლინდა ის, რომ ეს შეტევები ორგანიზებული იყო და მათ გარკვეული დაწესებულებიდან ხდებოდა. გამოძიებიდან „ფაირაიმ“ 4 თვეში კიდევ ერთი ანგარიში დადო, საიდანაც ირკვევა, რომ ამ კიბერშეტევების უკან სპეციალური ორგანიზაცია იდგა, რომელიც პეტერბურგშია ბაზირებული. ოთხსართულიანი შენობა აქვთ და ჰაკერებისთვის სამსახურივით არის. ამ ყველაფრის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლება ახდენს. მათი შენობის სურათიც კი დევს ინტერნეტში. რუსეთის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ძალიან უხეშად მუშაობენ. მათი გამოააშკარავება ადვილია. რუსეთის მიერ მართული ჰაკერების მიზანია, დააზიანონ, მწყობრიდან გამოიყვანონ ან ინფორმაცია მოიპარონ. საქართველოდან ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებით, ერთ ქეისს მოგიყვებით. georbordის სახელით არის ცნობილი. 2011-2012 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა შემთხვევით ფიშინგ წერილი გახსნა, რომელსაც Pdf ფაილი ჰქონდა მიბმული და ისიც გახსნა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. საგარეო საქმეთა სმაინისტროს ფაილებში, სადაც კი ნახსნები იყო შემდეგი საკვანძო სიტყვები: საქართველო-NATO-ს ხელშკრულება, საქართველო-აშშ, პრეზიდენტი, სხვა მათთვის საინტერესო სიტყვები, ყველა ფაილი ჰაკერის სერვერზე იტვირთებოდა. ერთჯერადად კი არა, არამედ, პერმანენტულად და ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს. ამ სახის კიბერშეტევაც არსებობს. სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ქართველმა სპეციალისტებმა რუსი ჰაკერი შემდეგი გზით აღმოაჩინეს. ერთ-ერთ PDF ფაილს ვირუსი მიაბეს. ფაილს კი იმ თემატიკის საკვანძო სიტყვები დაარქვეს, რა თემატიკის ფაილებსაც ჰაკერი იპარავდა. დავირუსებული ფაილი როგორც კი საგარეო საქმეთა სამინისტროს სერვერზე აიტვირთა, ჰაკერმა თავის სერვერზე წაიღო და გახსნა. მაშინვე მიხვდა, რომ ვირუსი იყო, მაგრამ მისი გადაღება და ინდენტიფიცირება მოასწრეს, რის შედეგადაც შესაბამის საერთაშორისო ბაზებში ჰაკერის ვინაობის და IP მისამართების დადგენა მოხერხდა. რუსი ჰაკერი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში იყო ბაზირებული. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით, აღმოჩნდა, რომ უკრაინა საკმაოდ კარგადაა მომზადებული. რა გააკეთეს მათ ამისთვის? კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არის. პრაქტიკული თვალსაზრისით არიან წინ. შესაძლოა, საქართველო პოლიტიკით და სტრატეგიებით იყოს წინ, მაგრამ უკრაინაში პრაქტიკულად აკეთებენ უკვე ამას. 2014-2015 წლების კიბერშეტევები რომ ვახსენე, მაშინ კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინელი ენთუზიასტები ჩაერთვნენ. ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდნენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე აკეთებდნენ, როგორც დაცვას, ასევე, კიბერთავდასხმებსაც მოწინაღმდეგე მხარეზე. ამას არ ახმაურებდნენ, მაგრამ შეტევებიც ხდებოდა. უკრაინელემა ჰაკერებმა საკმაოდ კარგი ბაზები შექმნეს, იმდენად სერიოზული, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური აღნიშნული ბაზებით დღემდე სარგებლობს. 2018 წელს, როდესაც კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რადას მრჩეველი ვიყავი, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ პოლიტიკებზე ვმუშაობდით. აქაც იყვნენ ჩამოსულები. ძალიან მოწადინებულები იყვნენ. უკრაინაში კიბერმიმართულებით ყოველწლიურად 4000 სტუდენტზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავთ, სულ მარტივი მიზეზის გამო - უკრაინის 64 უნივერსიტეტში ისწავლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის განხრით. საქართველოში ბაკალავრიატიც კი არ არსებობს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში. მაგისტრატურაზე საუბარიც კი აღარ არის. დოქტორანტებიც ხელზე ჩამოსათვლელია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სტრატეგიას, გასულ წელს, უკრაინამ მიიღო კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა მისი იმპლემენტირებაც ვერ მოასწრო, მაგრამ ამ ომში მათ იმხელა გამოცდილება მიიღეს, ეს სტრატეგია გადასაგდებია. მას უკვე თავისუფლად შეუძლია, იქით ასწავლოს სხვა ქვეყნებს და ჩავიდეს თუნდაც NATO-ს ცენტრში და გამოცდილება გაუზიაროს. ამ მიმართულებთ უკრაინა ძალიან გაიზარდა, ომმა სერიოზული გამოცდილება მისცა. იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინაში გადარჩა და დაბომბვებისგან არ განადგურდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს კიბერინციდენტები ნაკლებად ხდება. შეტევები არის, ინციდენტები ხდება, თუმცა ნაკლებად დამაზიანებელია. კიბერაქტივობები მარტო ომის დროს არ მიმდინარეობს. მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ აქტიურად ხდება, იმიტომ, რომ კიბერომს საზღვრები არ გააჩნია, არც თეთრი და არც ნაცრისფერი საზღვრები. შესაბამისად, ვერც აღმოაჩენ. კი აღმოაჩინეს რუსი ჰაკერი, მაგრამ ამის გამო ვინმე დაისაჯა?! არავინ დასჯილა. მიუხედავად ამისა, ბუდაპეშტის კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ კიბერდანაშაული დასჯადი უნდა იყოს, თუმცა რუსეთ-ბელორუსი და ჩინეთი მიერთებული არ არიან ამ კონვენციას. ET: რა არის ომის დროს კიბერთავდასხმების მიზანი, მწყობრიდან გამოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მოიპოვოს ინფორმაცია თუ უბრალოდ დანერგოს შიში? სამივე მიზეზი შეიძლება, იყოს. მიიჩნევა, რომ ის ქვეყანა დაპყრობილად ჯერ არ ითვლება, ვიდრე დამპყრობელი სახელწიფოს ჯარი, ცოცხალი ძალა ტერიტორიებს არ დაიკავებს. თვითონ კიბერომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევები იმდენად დამაზიანებელი, დამანგრეველი და პარალიზაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს, რომ ჯარს ტერიტორიების დაკავება გაუადვილოს. ამ შემთხვევაში ცალკე კიბერომზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე. კიბერომს რაც შეეხება, NATO-ს 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოების აღიარება მოხდა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინის. ხომ არის სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური, მეხუთედ დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით რამდენად დაცულია საქართველო? რა ნაბიჯები გადაიდგა, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს? 2017 წელი საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2017 წლის იანვარში ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მეორე გეგმა, სტრატეგია მიიღო და დაამტკიცა. იმავე წლის ივნისში, საერთაშორისო ტელეკომუნიკაცების გაერთიანების გლობალური კიბერუსაფრთხოების ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ გლობალურად მე-8 ადგილი დაიკავა. მსოფლიოში მე-8 ადგილზე ვართ პარამეტრებით: იურიდიული, სამართლებრივი, ტექნიკური და ა.შ. ასევე, 2017 წლის სექტემბერში, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიამ ანგარიში გამოქვეყნა. ამ აკადემიის კიბერუსაფრთხოების ინდექსი საკმაოდ აღიარებული და ავტორიტეტულია. ამ ინდექსში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა, ევროპულ ქვეყნებს შორს. დსთ-ში კი, პირველი ადგილი. შემდეგ, ესტონეთში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების მასშტაბური სწავლება და ჩვენმა სპეციალისტებმა იქაც პირველი ადგილი დაიკავეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს აისახა 2017 წლის ანგარიშებში. შემდეგ, ამას სტაგნაციის პერიოდი მოჰყვა. 2018 წლის ბოლოსკენ, მე-3 სტრატეგიაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც 2021 წელს მიიღეს. ბევრ ევროპულ ქვეყანას მესამე სტრატეგიაც არ აქვს. ქაღალდზე კარგად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მეც ამ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფში ვიყავი. გასული წელიც საკმაოდ აქტიური იყო და ვფიქრობ, მალე აისახება ინდექსებში. 2021 წლის ივნისში ასევე ცვლილებები შევიდა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში. აუცილებლად შესატანი იყო და ძალიან კარგი ცვლილებები შევიდა. შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტრომ ცალკე სტრატეგია მიიღო. 2021 წლის დეკემბერში გამოიცა ახალი კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები. ეს განისაზღვრა და გამომდინარე აქედან, იმ კანონშიც შესულია ცვლილებები. ET: რას გულისხმობს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია და კანონში შეტანილი ცვლილებები? ადრე კანონი კრიტიკულ სუბიექტებად მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო უწყებებს აღიარებდა. დახლოებით 19-მდე სუბიექტი იყო. ახლა სხვა სექტორებიც დაემატა. პირველ კატეგორიაში შევიდა სამთავრობო სექტორის 60-მდე სუბიექტი, მეორე კატეგორიაში ინტერნეტპროვაიდერები, ტელეკომუნიკაციების კომპანიები, მესამე კატეგორიაში კერძო სექტორი შევიდა, კომპანიები. ამჟამად, 29 კომპანიაა, მათ შორის 8, სადაზღვევო, 3 ბანკი, ფოთის და ბათუმის პორტები, ასევე, რამდენიმე ენერგოკომპანია. თანადათან, კიდევ ემატება. სამთავრობო და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის პროცესი დაიწყო. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული უნდა იყოს ამაში. ამას გვეუბნება ყველა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც. ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიაც - სპეციალისტების მოსამზადებლად და ასევე, ტექნიკური საზოგაოდებაც, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. სახელმწიფო საფრთხეების შემცველ დოკუმენტს განახლება სჭირდება. რაც შეეხება სტრატეგიას, იქ პირდაპირ არის გაწერილი, როგორ აისახება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეები. გარე საფრთხეებში ჩაიწერა კონტრაქტორი კომპანიები. ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორად ჰყავს სადაზღვევო კომპანიები. ისინიც ვალდებულები არიან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემები დაიცვან, ინფორმაციის გარეთ გატანა რომ არ მოხდეს. ასევე ეხება ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებსაც. რუსეთიდან ტექნიკის შემოტანა აიკრძალა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა რუსეთიდან შემოტანილ კომპიუტერულ ტექნიკაში რაღაც ვირუსები იყო ჩადებული. მსგავსი საკითხები ამ სტრატეგიაში უკვე ჩაიდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ET: რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯის ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს. ET: სად გადის ზღვარი ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის? 2010 წელს ვმუშაობდი ამ თემაზე, არაბული გაზაფხული, ვოლსტრიტის და ლონდონის არეულობა რომ მოხდა. ლონდონის არეულობის შემდეგ, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა უილიამ ჰეიდმა განაცხადა, რომ რაღაც შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო. ასეთმა ანტიდემოკრატიულმა განცხადებებმა, სიტუაცია უფრო გაამძაფრა და ჰეიდმაც უკან დაიხია. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი, სად იწყება და სად მთავრდება დემოკრატია და სად იწყება უკვე ეროვნული უსაფრთხოების ზღვარი. ზღვარი უნდა არსებობდეს. ოქროს შუალედი ყოველთვის უნდა იყოს. გასაგებია ადამიანის უფლებები. ეს უფლებები ონლაინ სივრცეშიც აქვს, რომელსაც Faсebook რეგულაციები იცავს. იქ Google -ის და სხა კომპანიების რეგულაციებია, იქ სახელმწიფოს აქვს რაღაც რეგულაციები. მიუხედავად ამ უფლებებისა, იქ რომ ზღვარი გადავკვეთო და სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების თემებში შევიჭრა, მიუღებელია. თუმცა ძალიან რთულია ამ ზღვარის დაწესება. კონკრეტულად ვერ იტყვი, სად გადის ზღვარი. მარტო საქართველოს კი არა, დიდ ქვეყნებსაც, შტატებსაც და ევროპულ ქვეყნებსაც ძალიან უჭირთ ამის დარეგულირება. ონლაინ სივრცეში ღია ხარ და რასაც გინდა წერ. ბოლო წლებშიც დიდი გამოსვლები რაც იყო, თუნდაც პარიზში, რუმინეთში და სხვაგან, ყველა აქციის დაორგანზიება ონლაინ ხდებოდა. არაბული გაზაფხული მთლიანად ონლაინ იყო ორგანიზებული. ჩემი აზრით, ეს ზღვარი გადის ადამიანის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, იმაზე, თუ რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ET: ონლაინ სივრცე ვისთვის უფრო დიდი გამოწვევაა, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის თუ დემოკრატიული წყობისთვის? ონლაინ სივრცე თანაბრად საშიშია როგორც ტირანიისთვის, ისე დემოკრატიისთვის. მაგალითად, საქართველოში 2014 წელს ვორდპრესი გათიშეს და 3-4 საათი ყველა საიტი გაითიშა, რომელიც ვორდპრესზე იყო აწყობილი. ამას საზოგადოების გამოსვლა და პროტესტი მოჰყვა. შესაბამისმა სპეციალურმა სამსახურმა ინტერნეტპროვაიდერს გადააბრალა. ონლაინ სივრცე დიქტატორული რეჟიმებისთვის არამხოლოდ საფრთხეა, ავტოკრატიული რეჟიმები თავის სასარგებლოდაც იყენებენ - ამავდროულად, საფრთხესაც წარმოადგენს მათთვის. დემოკრატიის კუთხით სარგებელი ისაა, რომ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება ხდება. თუმცა ავტოკრატიულ ქვეყნებში დიდი დოზით ყალბი ამბები ვრცელდება და საკუთარ საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებენ, ონლაინ სივრცეს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ET: რა საფრთხეების მატარებელია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების რუსულენოვან ონლაინ სივრცეზე დამოკიდებულება? საქართველო ამ მხრივ საკმაოდ რთულ ვითარებაშია, იქიდან გამომდინარე რომ მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, ერთ მხარეს სომხურენოვანი მოსახლეობა გვყავს, მეორე მხარეს - აზერბაიჯანულენოვანი. როგორც ვიცი, შესაბამისი პროექტი არსებობს, რომელიც რეგიონული მედიის საშუალებით რუსულენოვან ინფორმციას აწვდის, რადგან რუსული ყველამ იცის ამ რეგიონებში. საფრთხე რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. როდესაც მოსახლეობა შენთვის არასასურველი კონტენტის შემცველ ინფორმაციას იღებს, უკვე საფრთხეა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე იდეოლოგიური დამუშავება ხდება. ამას არავინ არ ამუშავებს, ეს ხდება არამხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, არამედ, სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, აჭარის რეგიონში. ამაზე ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი. ჩემი აზრით, ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეროგატივაა, კონტენტის გაკონტროლება, თუ რა საფრთხეებია და რა სახის ქმედებებია საჭირო. ამას მათი კანონდებლობაც ავალდებულებს და მათ შინაგანაწესშიც წერია. ET: რას მოუტანს საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივები და Data ცენტრის შექმნა? რაც შეხება საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნის პროექტს, რომელიც „კავკასუს ონლაინს“ ჰქონდა, ნამდვილად ამბიციური პროექტი იყო. რაღაცის ჰაბი როცა ხარ ქვეყანა, ეს სერიოზულ დატვირთვას იღებს. „კავკასუს ონლაინი“ ქართული დომეინ რეგისტრატორია. აზერბაიჯანულმა მხარემ შეისყიდა, შესაბამისად, საქართველომ ციფრული ჰაბის პერსპექტივა დაკარგა. „კავკასუს ონლაინის“ ქსელები ერაყამდე ჩადის. ასევე ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში. „კავკასუს ონლაინის“ წილების გასხვისებას მარეგულირებელი კომისია იცავდა და არეგულირებდა. მარეგულირებელ კომისიასთან შეუთანხმებლად, კომპანიას 5%-ზე მეტი აქციების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. გასხვისება კომისიასთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ამის გამო სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ციფრულ ჰაბს რაც შეეხება, მთავრობის მიერ ახლახან დაანონსდა, რომ ევროპის მხრიდან საქართველოში ალტერნატიული ინტერნეტხაზები უნდა შემოვიდეს. ციბრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა და შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს. აქ ვარნადან შემოსული ხაზია. იგივე, საქართველო ზის ფრანკფურტი-შანხაის ხაზზე. TAP-მა გააკეთა. 90-იან წლებში დაიწყო ეს პროექტი. საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს, არ დაუკარგავს და ვერც დაკარგავს, იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს გარდა, ვერცერთი რესპუბლიკა ჰაბი ვერ გახდება. საქართველოზე გადის ყველანაირი ხაზი. ასე იყო ყოველთვის ისტორიულად და ასე იქნება ახლაც. იგივე, საქართველოს ინოვაციების ცენტრით, ქვეყანა ერთგვარი ჰაბი გახდა. ჩვენგან ბევრმა გადაიღო ეს პროექტი და ინოვაციების და სტარტაპების წარმოების მიმართულებით, ბევრმა ისწავლა. ჰაბი უკვე ყალიბდება. ბუნებრივად ყალიბდება. არ სჭირდება, მთავრობამ რაღაც გითხრა და მერე გააკეთე. ეს უკვე კომპანიებმა უნდა განავითარონ. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ კომპანიებმა განავითარონ. რაც შეეხება Data ცენტრის შექმნის საკითხს, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქვს დაანონსებული, ინტერნეტხაზი გაიყვანოს, Data ცენტრის შექმნას უწყობს ხელს. აქ საუბარი არაა ბიტკოინების წარმოებაზე, საუბარია ინფორმაციის შენახვაზე. მთელ მსოფლიოში, ინფორმაციის შენახვის პრობლემა ძალიან მალე დადგება და სერიოზული პრობლემა იქნება. ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა როგორიცაა, Google, Microsoft, Yahoo და სხვა, ინფორმაცია სადღაც სერვერებზე ხომ უნდა შეინახონ. ამას დიდი სივრცეები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება სერვერების გამაგრილებელი სისტემები, რაც მუდმივ ელექტროწყაროს საჭიროებს. ამიტომაც არის, რომ Data ცენტრები უფრო ცივ ადგილებში შენდება. აი, მაგალითად ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ალიასკაზე, ისლანდიაში. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და თავისი გეოგრაფიული რელიეფის გამოყენებით, ამის გაკეთება შეუძლია. კარგი ინტერნეტი გვაქვს და სრულებით შესაძლებელია, ევროპიდან კიდევ უფრო კარგი ხარისხის ინტერნეტი შემოვიდეს. გვაქვს ჰიდრორესურსი, რომლითაც სპეციალურად DATA ცენტრებისთვის ელექტროსადგურების აშენება შეგვიძლია. ასევე შესაძლებელი გახდება, ახლომდებარე სოფლებს მიეწოდოს და ჩაერთოს, რასაც მოჰყვება ტექნოლოგიური განვითარებაც. Data ცენტრის შექმნით ასევე განვითარდება ქვეყნის ინტერნეტტექნოლოგიები, რადგან როდესაც გიგანტი კომპანიები შენთან თავისი მონაცემების შენახვას გადაწყვეტენ, ისინი ერთგვარ გარანტორებად დადგებიან. მე მაგალითად, საქართველოში Data ცენტრის შექმნის ადგილად ახალციხე, ახალქალაქი მიმაჩნია, სადაც ყოველთვის მკაცრი ზამთარი და სიცივეა. რესურსები არის, რატომაც არა?! ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება ამაში. ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური ჩართულობის შესაძლებლობაც მიეცემა. ET: კრიპტოვალუტა არის თუ არა ერთ-ერთი საშუალება სანქციებიდან გვერდის ავლის და რა კონტროლოს მექანიზმებია ამისთვის? ბიტკოინი არ კონტროლდება. კონტროლირებადი ვალუტა არ არის. ბანკში რომ რიცხავდნენ ბიტკოინს, იმის წარმომავლობას ბანკი არ კითხულობდა. შევხედოთ, როდის იწევს ბიტკოინის ფასი. ბიტკოინის ფასმა 2014-2015 წლებში მოიმატა, რადგან ISIS-მა (დაეში) ბიტკოინებში დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა. ბიტკოინზე მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, ფედერალური სამსახურიც დაინტერესდა, რატომ აიწია ფასმა. საქართველოში რამდენიმე ბანკს აქვს ბიტკოინის ჩარიცხვა. ბოლო პერიოდში ბიტკოინის წარმომავლობას ეკითხებიან. თუ კლიენტი ბიტკოინის მე-2, მესამე წარმომავლობას არ წარუდგენს ბანკს, უბლოკავენ. კრიპტოვალუტის უკონტროლობა საფრთხეა, იმიტომ, რომ იგივე დაქირავებული სამხედროების ანაზღაურება სამხედრო ოპერაციებში, კრიპტოვალუტით ხდება. ჰაკერების ანაზღაურება ამით ხდება. როცა ჰაკერი რომელიმე კომპანიაზე კიბერშეტევას ახორციელებს, ბიტკოინების გადახდას ითხოვს. აშშ-მ უკვე დაიწყო ბიტკონების კონტროლი. მახსოვს ავსტრალიაში ერთი აკადემიკოსი დაიჭირეს, რომელიც ბიტკოინების შექმნის პროცესში იყო ჩართული. თავიდან, იაპონელს ახსენებდნენ და მე მგონი, ეს იაპონელი თვალით არავის არ უნახავს და გამოგონილი პიროვნებაა. თუმცა სანქციების საკითხში ბიტკოინის თემა სერიოზულად ფიგურირებს. მხოლოდ ბიტკოინებზე არაა ლაპარაკი. ზოგადად, კრიპტოვალუტაზეა საუბარი. ერთადერთი, რომელი კრიპტოვალუტაც კონტროლდება, „რიპლის“ ეძახიან. „რიპლი“ ბევრ ბანკშია აღიარებული. მაგალითად, კონფერენციებზე რომ დავდიოდი, ბევრი მიდიოდა და ბიტკოინებს მთავაზობდა, მაშინ 300-400 დოლარამდე ღირდა. სხვათა შორის, ბიტკოინის ბროკერები სულ რუსები იყვნენ, რატომღაც. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, თუ რაღაც შეზღუდვები დაწესდა, შესაძლოა, ბიტკოინს ფასიც დავარდეს.
საქართველოს დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო
კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა. ნატოს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
ბორის ჯონსონი: ქართველი ხალხი ყოველდღე, რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს
ქართველი ხალხი ყოველდღე რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს. პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, აღნიშნული დახმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.
ბორის ჯონსონი: დამატებით გამოყოფილი £5 მილიონი, საქართველოს, საერთო უსაფრთხოების კონტექსტში, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება
ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში. „ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ. დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.
ლიეტუველ, ამერიკელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა საერთაშორისო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა
19-26 აგვისტოს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსწავლება - „Amber Mist 2022”-ში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ეფუძნება კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამხედრო კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების წინააღმდეგ,სიმულირებულ კიბერშეტევებს და მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ოპერატიული დანაყოფების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობის შეფასებასა და გაძლიერებას კიბერსივრცეში ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე კრიზისის და შეიარაღებული კონფლიქტების დროს. საქართველოს გუნდი, ლიეტუველ, ამერიკელ, უკრაინელ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მონაწილეობდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „Cyber Coalition 2022“ მსოფლიოში კიბერსფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან ათასამდე მონაწილეს აერთიანებს. ხუთდღიანი კიბერსწავლება რეალურ გარემოში სხვადასხვა სცენარების სიმულირებასა და მათზე რეაგირების ალგორითმის შემუშავებას მოიცავს. სწავლება მიზნად ისახავს ქსელების დაცვისა და კიბერსივრცეში ერთობლივი მუშაობის უნარების გაძლიერებას, ასევე პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.
აზერბაიჯანი უცხოელებს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნებას უკრძალავს
აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნება აეკრძალება. ცვლილების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სუბიექტებისთვის კიბერუსაფრთხოების სერვისების მიმწოდებლის დამფუძნებელი და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ასევე, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პროვაიდერის საქმიანობის ხელმძღვანელი და ამ საქმიანობაში ჩართული სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები. ცვლილებების პროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.
ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - ღარიბაშვილი
ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან- ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა. და ბოლოს, დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც როგორც ჩვენ გავარკვიეთ , არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, ეს თანამედროვე ციფრული საზოგადოების და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს. კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მე აღვნიშნე დასაწყისში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატები, რის მაგალითიც დღევანდელი ფორუმია. კიდევ ერთხელ მე მინდა მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის. მე მინდა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფინეთმა და აშშ-მ კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ფინეთი შეერთებულ შტატებთან კიბერ თავდაცვის სფეროში ორმხრივ პარტნიორობას აძლიერებს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა სამხედრო ლიდერებმა კიბერპარტნიორობის შესახებ განზრახვის წერილს ოფიციალური ცერემონიის დროს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, დღეს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას ფინეთის თავდაცვის ძალების ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი კარი ნისულა მასპინძლობდა ღონისძიებას აშშ-ის ევროპული სარდლობის დირექტორის მოადგილე გეგმებისა და ოპერაციების საკითხებში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი ჯეიმს კლიტი ესწრებოდა. „აშშ-თან თანამშრომლობა ნამდვილად აძლიერებს ფინეთის თავდაცვის შესაძლებლობებს ამ სფეროში და მყარ საფუძველს ქმნის ეფექტიანი კომბინირებული კიბერ თავდაცვისთვის. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ USEUCOM-ის ამ განზრახვის წერილით,“- განაცხადა კარი ნისულამ. შეთანხმების ხელმომწერმა ორმა სამხედრო ლიდერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერთავდაცვაში გაბატონებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. „მზარდი ჰიბრიდული საფრთხის ფონზე, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ფინეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები და შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და პრევენცია კიბერსივრცის სფეროში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეებმა არ დააკნინონ კრიტიკული სისტემები და ქსელები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელზე ვართ დამოკიდებულნი,“ - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა
უკრაინა NATO-ს კიბერუსაფრთხოების უდიდეს წვრთნებში პირველად მონაწილეობს
მსოფლიოში უდიდეს კიბერუსაფრთხოების წვრთნებში - Locked Shields 2024, რომელიც ესტონეთში NATO-ს ეგიდით ტარდება, უკრაინის წარმომადგენლები პირველად მონაწილეობენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კიბერუსაფრთხოების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდა (NCCC) იუწყება. მთლიანობაში, წვრთნებში 4000-მდე ექსპერტი 40-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. მათ დაევალებათ, დაიცვან პირობითი ქვეყნის ინფრასტრუქტურა რეალურთან მიახლოებულ პირობებში. „სხვადასხვა ქვეყნისა და პარტნიორების გაზრდილი ჩართულობა აჩვენებს Locked Shields 2024-ის გლობალურ მიღწევებსა და მნიშვნელობას, რაც ადასტურებს ამ წვრთნების მნიშვნელოვან როლს კიბერ თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში,“ - წერს NCCC. Locked Shields-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კიბერუსაფრთხოების სწავლება. წვრთნას NATO-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრი ხელმძღვანელობს. 2023 წელს მასში 33 ქვეყანა მონაწილეობდა. უკრაინა NATO-ს კიბერცენტრს 2022 წლის მარტში შეუერთდა.