თეგი: კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრი

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს, უსმენდნენ, როდესაც პერფორმანსის მონაწილეები საპროტესტო შინაარსის წარწერიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. პროტესტის მონაწილეებს მაისურებზე ეწერათ: "ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია", "არა ცენზურას", "კულტურა გადავარჩინოთ", "დამოუკიდებლობა კულტურას", "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "თავისუფლება მუზეუმს", "ქართული კინო საფრთხეშია". ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და შესვენება გამოაცხადა. „საკმარისია, ახლა შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით. სხდომა განახლდება, როცა კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. რეჟისორი პაატა ციკოლია მედიასთან აცხადებს, რომ მათი მიზანი პარლამენტის წევრებისთვის თავიანთი სათქმელის მიწვდენა იყო. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები გააუქმა, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული კომენტარები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლის თანახმად, კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, "პოსტივის" წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.