თეგი: კლაუს იოჰანისი
რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს
რუმინეთი ახალი თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენას კვლავ გეგმავს. პორტუგალიიდან და ნორვეგიიდან გამანადგურებლების შეძენის შემდეგ, რუმინეთი საჰაერო ძალების განახლებას განაგრძობს, მაგრამ ახალი თაობის მებრძოლები ექსპლუატაციაში მხოლოდ 2030 წლის შემდეგ შევა. „F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს რუმინეთის არმიას, უფრო ეფექტურად შეასრულოს მისია, თუმცა საჰაერო ძალების მოდერნიზაცია აქ არ შეჩერდება; ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი თაობის თვითმფრინავების, F-35-ის შესყიდვას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის შემდეგ. იოჰანისმა დაამატა, რომ რუმინეთმა გადაწყვიტა, განავითაროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები NATO-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. რუმინეთს ამჟამად 17 F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი ჰყავს. რუმინეთი, რომელიც NATO-ს 2004 წელს შეუერთდა, 2026 წლამდე 9,8 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. აშშ-მ F-35 - ის გამოყენებით, პირველი საბრძოლო ოპერაცია 2019 წლის მაისში ჩაატარა. კერძოდ, F-35-მა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვირაბებზე მიიტანა იერიში, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ.
იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვალს რუმინეთს ეწვევა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად პრესკონფერენცია. ისინი რუმინეთში მოკავშირე ქვეყნებიდან დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზას ეწვევიან. ჯარებმა, რომლებიც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან გადაიყვანოს, კოგალნიცეანუს ბაზას უნდა მიაღწიონ. სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონა ქვეყანაში 9 თებერვალს საღამოს, არადში, ნადლაჩის სასაზღვრო პუნქტზე შევიდა. თავდაცვის სამინისტრომ (MApN) განაცხადა, რომ რუმინეთში მეტი აღჭურვილობა და პერსონალი ჩავა უახლოეს პერიოდში.10 თებერვალს კრაიოვაში სამხრეთ-დასავლეთის მრავალეროვნულ ბრიგადაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები NATO- მიერ მიღებული ზომების საჭიროებაზე მიუთითებს და რუმინეთი თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა.
კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. „გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტების დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
კლაუს იოჰანისი: უმნიშვნელოვანესია, საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები
„უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლაუს იოჰანისის თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში. „რუმინეთი თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს თავის ევროპულ მისწრაფებებში, ლობირებას ვაკეთებთ მუდმივად, რომ საქართველომ მიიღოს აღიარება ამ გზის და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში, რუმინეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც ხმას იმაღლებდა საქართველოსთვის და იგივე გრძელდება ასევე NATO-ს კუთხით, საკითხი, რომელიც განიხილებოდა 2008 წელს აქ, ბუქარესტში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ კუთხით. რუმინეთსაც ასევე გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე გახდებოდა ევროკავშირის წევრი და დეტალურად ვაღიარებთ, ვხედავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა ეს 12 რეკომენდაცია, რომლებიც ვიცით, არის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა მიიღოს ეს რეკომენდაციები, სერიოზულად მიიღოს, იმუშაოს იმაზე, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოთხოვნილია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, რუმინეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ეს საკითხები იყოს დანახული, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხები და როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანით.
კლაუს იოჰანისი: ჩვენთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა
გვინდა, მხარი დავუჭიროთ შავი ზღვის რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლაუს იოჰანისის თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. „ჩვენ ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური კავშირები შავ ზღვაში და შავი ზღვის რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრინველსაყოფად. სწორედ ამიტომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება რუმინეთ-საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და იქნება მწვანე კორიდორი ელექტროენერგიის, დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვას. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე განვითარება სხვადასხვა მიმართულების – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე, ციფრული ურთიერთობები ევროკავშირ-საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის კორიდორზე, რომელიც იქნება საქონლის, სხვადასხვა პროდუქტის კორიდორი შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის. ეს იქნება რუმინეთის ინიციატივა, რომ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები საქართველოს კონტექსტში. ასევე, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ზოგადად კავშირის გასაუმჯობესებლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანით.
პრეზიდენტი: მივესალმებით ევროკავშირის და აშშ-ის ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის კუთხით ხდება, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. „არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთში უკრაინაში - ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელთანაც ახლოს ვართ. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის და რუმინეთისთვის. ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის, საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელი არის რუსეთი. ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში ხდება, სადაც რუსეთი მობილიზაციის განხორციელებას იწყებს, რაც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის ეს არის მიუღებელი ფორმა, ეს არის წარსულის ფორმა, რომელიც ვერაფერს ვერ მოუტანს და რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც ეს აგრესია დაიწყო. არავინ ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით, უკრაინის 30 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. „მთავარი იარაღი ამ აგრესიის წინააღმდეგ არის სოლიდარობა და მე მინდა, უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა გამოვაცხადო. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმე არის მათი მდგომარეობა და საქართველო ყოველთვის მზად იყო და არის, რომ ეს სოლიდარობა გამოიჩინოს. ჩვენთან დაახლოებით, 30 ათასი უკრაინელია, რომელიც დროებით, ან დიდი ხნით საცხოვრებლად გადმოვიდა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ ჩვენ მათ საშუალება მივცეთ, რომ მშვიდობიანად იყვნენ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ. მივესალმებით ასევე ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მთელი ევროპის და მე მგონი, ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუმინეთის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს - Bloomberg
რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს. ამ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მის გარდა, მიშელის პოტენციურ შემცვლელად, იტალიელი მარიო დრაგი და ლუქსემბურგელი ხავიერ ბატელი სახელდებიან, თუმცა ლუქსემბურგის ყოფილმა პრემიერმა ბატელმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად.“ „მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი, ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთი შეითავსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ის უკრაინის დახმარებას მკაცრად ეწინააღმდეგება. ორბანმა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. ოქტომბერში ორბანი პირველად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.
რუმინეთის პრეზიდენტმა NATO-ს გენმდივნობის სურვილი გამოთქვა
12 მარტს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნობა სურს. რუმინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO საჭიროებს განახლებულ ხედვას და აღმოსავლეთ ევროპამ ღირებული წვლილი უნდა შეიტანოს ალიანსის ფარგლებში მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში. „გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. მე მჯერა, რომ NATO-ს, თავის მხრივ, სჭირდება განახლებული პერსპექტივა მის მისიაზე. აღმოსავლეთ ევროპას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი NATO-ს ფარგლებში დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში," - განაცხადა იოჰანისმა. ამჟამინდელი გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგი ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ იგი დაარწმუნეს, დარჩენილიყო, რადგან წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ კომპრომისზე მის მემკვიდრესთან დაკავშირებით - გენერალური მდივნის არჩევა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. ამჟამად ყველაზე სავარაუდო კანდიდატი მარკ რუტეა, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას ასრულებს. თუმცა, მის არჩევასთან დაკავშირებით შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას უნგრეთის და თურქეთის პოზიციის, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკური გავლენის გამო, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს.