თეგი: კლიმატის ცვლილება
აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჩინეთისა და აშშ-ის შეთანხმება წინ უსწრებს გაეროს კლიმატის სამიტს, რომელიც მიმდინარე თვეში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. „ჯგუფი ყურადღებას ენერგეტიკულ გადასვლებზე, მეთანზე, წრიულ ეკონომიკაზე, რესურსების ეფექტურობაზე, ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე, მდგრად პროვინციებზე, შტატებსა და ქალაქებზე და ტყეების გაჩეხვაზე გაამახვილებს. აშშ და ჩინეთი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მხარეებთან ერთად იმუშავებენ, რათა წინ აღუდგნენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს გამოწვევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით
„ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად, 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა. „ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ. მტკიცედ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად. იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები - უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს. დიდი მადლობა!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად. ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას. „ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი,“ - დაწერა მან მოგვიანებით X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო
წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ Reuters-ი კლიმატის ცვლილების ევროპულ სამსახურზე, Copernicus-ზე დაყრდნობით წერს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 12 თვე ასევე ითვლება ყველაზე ცხელ პერიოდად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტამდე, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,58 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო ტემპერატურას. „ასეთ ჩანაწერებზე დაკვირვება - თვიდან თვემდე - ნამდვილად გვაჩვენებს, რომ ჩვენი კლიმატი იცვლება, სწრაფად იცვლება,“ - განაცხადა Copernicus-ის დირექტორის მოადგილემ, სამანტა ბერჯესმა. როგორც Reuters-ი წერს, 2023 წელი უკვე გახდა ყველაზე ცხელი წელი პლანეტაზე, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია რეკორდული რაოდენობის ტყის ხანძრები ვენესუელაში და გვალვა სამხრეთ აფრიკაში. Copernicus-ის მიხედვით, სიცხის მთავარი მიზეზი იყო ანთროპოგენური სათბურის გაზების გამოყოფა. კლიმატოლოგ ფრიდერიკა ოტოს თქმით, თუ ეს ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს.