თეგი: კლიმატის ცვლილებები
ეკონომიკის სამინისტრო „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ. ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა ათი შეხვედრის თემატიკა. ესენია: 1. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმის მიმოხილვა;2. მეთოდოლოგია 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებისთვის ( პროგნოზების შემუშავების მეთოდოლოგია. მეთოდი, მოდელირების ჩარჩო, სცენარების განსაზღვრა. გასული ტენდენციების ანალიზი და საბაზისო წლის ინფორმაცია: მონაცემთა წყაროები, ტენდენციები და ძირითადი მიგნებები);3. TIMES-ის მოდელის შაბლონების აღწერა (მოდელის გასაზიარებლად შეთავაზებული იქნა NDA -გაუთქმელობის ხელშეკრულება). წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის გენერაციის განვითარების სცენარები;4. ენერგოეფექტურობა;5. ენერგეტიკის სექტორის NECP სცენარების წინასწარი შედეგების პრეზენტაცია (ზემოქმედების მიმოხილვა, რომელიც ექნება თითოეულ პოლიტიკის სცენარს სათბურის გაზების, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით);6. დეკარბონიზაცია, სათბური გაზების ემისიები და განახლებადი ენერგიები;7. წყალსაცავიანი ჰესები;8. შეხვედრის თემაა: „ენერგეტიკული უსაფრთხოება“;9. შიდა ენერგეტიკული ბაზარი (ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა, ბაზრის ინტეგრაცია, ენერგეტიკული სიღარიბე);10. კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა. დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შემუშავების პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. აღნიშნული პროცესი თავიდანვე მოიცავდა ათი შეხვედრის გამართვას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნებოდა სტრატეგიული დოკუმენტის ყოველი მიმართულება, მათ შორის, წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხებიც. ორგანიზატორების მიერ განხილვის პროცესში თავიდანვე მოწვეული იყო საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ სახელითაა ცნობილი. ისინი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრნენ და შემდეგ უარი თქვეს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული, მეტად აქტუალურ საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფმა ასევე ცალმხრივად უარი თქვა მონაწილეობაზე მედიაციის პროცესში „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ საჯარო განხილვა საქართველოში პირველად ხორციელდება და ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უშუალო მონაწილეობა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში.ვფიქრობთ, აღნიშნული განხილვა არის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარბაშვილის თქმით, საქართველო განაგრძობს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები. „ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბეშვილმა კოლეგებს მოუწოდა, რომ 27-ე კონფერენციის შედეგები, არსებულ რეალობაში მალე ამოქმედდეს. „დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში, კლიმატის გადასარჩენად. გმადლობთ!“- აღნიშნა პრემიერმა.