თეგი: კოლორადო

სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა. CNN-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე -14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. კერძოდ, მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის ამბოხებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს. შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ როგორც СNN წერს, ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. განჩინება 4 იანვრამდე, გასაჩივრებამდე შეჩერდება. კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რომელიც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისის კანდიდატთა სიის დასადგენად.