თეგი: კონკურენციის ეროვნული სააგენტო
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: საწვავზე ფასების შემცირება კვლავ გაგრძელდება
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული და მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია. „მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 75 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა აღნიშნულის შეტანა. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. თებერვლის თვეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: 50-ზე მეტი საქმის შესწავლა გვაქვს დაწყებული, რომელთაგან 80% ონლაინვაჭრობას ეხება
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტოში 90-მდე განაცხადი შევიდა. მისივე თქმით, შესწავლა დაწყებულია 50-ზე მეტ საქმეზე. „2022 წლის პირველი ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება დაიწყო. ამ ორ თვე-ნახევრიან პერიოდში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მომხმარებელთა მხრიდან 90-მდე განაცხადი აქვს მიღებული. შესწავლა დაწყებულია 50-ზე მეტ საქმეზე, მათ შორის ყველაზე ცნობილი საქმე არის კომპანია „იუესჯი ჯორჯიას“ წინააღმდეგ დაწყებული საქმე. 15-მდე განაცხადი შემოვიდა მხოლოდ ამ კომპანის წინააღმდეგ. ჩვენ დასახელებულ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იანვარში მივიღებთ. შიძლება, დადგეს სამი გადაწყვეტლება. პირველი – კომპანიას დაუდგინდეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დროული არაინფორმირებულობის კუთხით. ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მიეცემა გონივრული ვადა, გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი, აღადგინოს მოხმარებლების დარღვეული უფლებები. ეს გონივრულ ვადაში თუ არ მოხერხდა, ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო საქნცია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში, - განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. 15 მარტი მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა, სექტორულად – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას საკუთარ სექტორებში სხვადასხვა მარეგულირებელი უწყება ახორციელებს – საბანკო საფინანსო სექტორში – საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში – სემეკი, კომუნიკაციების სექტორში – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური. ყველა სხვა სექტორში მომხმარებლების უფლებების დაცვას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. „2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა. პირველი ნოემბრიდან ჩვენ განაცხადების მიღება და განხილვა დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, სააგენტოში 180-მდე განაცხადია შემოსული, ხოლო საქმის შესწავლა 90 საკითხზე დაწყებული გვაქვს. ამ დროის მონაკვეთში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით და უნდა აღინიშნოს, რომ სამ საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს, იცოდეს, რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს. სწორედ ამ მიზნით, დღეს – 15 მარტს მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს ვმართავთ და ერთობლივ ფორმატში მიღებულ შედეგებს და სექტორში არსებულ გამოწვევებს განვიხილავთ, კანონმდებლობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ასევე ბიზნეს ინტერესებს. კანონმდებლობა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა მიღებული,“ – განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე
ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში - ბრალდება ძალიან მძიმეა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. „დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად. „ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - “ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა. ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული; გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები; გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კინოთეატრები და ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი კონკურენციის სააგენტომ 1,6 მილიონი ლარით დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრები და ონლაინ ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი სოლიდური თანხით დააჯარიმა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გამოირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა. სააგენტო განმარტავს, რომ დაჯარიმდა შპს "ელ.ბილეთებიც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას." ჯარიმები დაეკისრა: "სადისტრიბუციო კომპანიას" ("სადისტრიბუციო კომპანია", შპს "კავეა საბურთალო", შპს "კავეა გალერეა", შპს "კავეა თბილისი მოლი", შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემა", შპს "ამირანი", შპს "აპოლო ბათუმი") - 1 120 562 ლარი; შპს "თინეთს" (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი; შპს "ელ.ბილეთებს" (მომჩივანი) - 5 368 ლარი. "სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა," - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დაჯარიმებულმა კომპანიებმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დაარღვიეს.