თეგი: კონსტიტუციის მიღების დღე

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტმა მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. „ზუსტად 101 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ, როდესაც თბილისის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - მტკიცე ნაბიჯი თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ. საბჭოთა ოკუპაციის უდიდესი საფრთხის ფონზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. საქართველოს მთავარი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დოკუმენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება, მან მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით. სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა იყო იმის განმაპირობებელი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას და ქართველი ერის ისტორიული ნების - ევროპულ ოჯახში დაბრუნების მკაფიო, კონსტიტუციაში გაწერილ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და გულშემატკივარს, ვულოცავ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“,- წერს შალვა პაპუაშვილი.