თეგი: კონფისკაცია
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში $765 მილიონის რუსული აქტივების კონფისკაცია განხორციელდა
უკრაინაში, ჯამში $765 ღირებულების რუსული აქტივის კონფისკაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „გავმართე სხდომა სანქციების პოლიტიკის შესახებ, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას ეხება. როგორც სახელმწიფო მოხელეებმა მაცნობეს, უკრაინაში უკვე განხორციელდა $765 ღირებულების რუსული აქტივის კონფისკაცია. ამ მიმართულებით, საქმიანობა გაგრძელდება. კიდევ 900 ობიექტია, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის და ამის კონფისკაციაც უნდა განხორციელდეს. მაგრამ თუ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გარდა, უკრაინაში მისი რეზიდენტების აქტივებსაც შევაფასებთ, საქმე ეხება 36 ათას ობიექტს, რომელიც კონფისკაციას დაექვემდებარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს 30 ნახატი ჩამოართვა
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, მის კოლექციაში არსებული 30 ნახატი ჩამოართვა. მათ შორისაა მარკ შაგალის ნამუშევარი. ნახატების საერთო ღირებულება სულ მცირე 5 მილიონ ევროს შეადგენს. Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნახატები უსმანოვის სუპერიახტის - Dilbar-ის ინტერიერის ნაწილი იყო. 2021 წლის შემოდგომაზე, იახტა ჰამბურგში, სარემონტოდ განათავსეს. ამის შემდეგ, ნახატები საექსპედიტორო კომპანიის ერთ-ერთ საცავში ინახებოდა. თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო მოექცა. მას კანონით, გერმანიაში არსებული ყველა ქონების დეკლარირება მოეთხოვებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა. 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა (Dilbar) გერმანიის ხელისუფლებამ მას მარტში ჩამოართვა.
ფინეთმა, რუსეთის მოქალაქეებს, ოლიგარქებთან შესაძლო კავშირის გამო, სამი თვითმფრინავი ჩამოართვა
ფინეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებული სამი კერძო თვითმფრინავი ჩამოართვა, რომლებიც სავარაუდოდ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით ან სანქცირებული პირები იყენებენ. ამ თვითმფრინავებს, რომლებიც მედიის ცნობით, რუს ბიზნესმენ სერგეი გრიშჩენკოს ეკუთვნის, ფინური კომპანია Polar Aviation Oy-ს მართავს. ჟურნალისტების თქმით, ეჭვები შესაძლოა ეფუძნებოდეს Polar Aviation-ის კავშირს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების სიაშია. Polar Aviation-მა ტიმჩენკოსთან, რომელიც ფინეთისა და რუსეთის მოქალაქეა, კავშირი უარყო. თუმცა კომპანიამ, ფინეთის ხელისუფლებას 2021-2022 წლების მგზავრთა სიების მიწოდებაზე უარი განუცხადა, თუმცა მოგვიანებით კი არასრული სიები მიაწოდა. სამი ჩამორთმეული თვითმფრინავი, 2021 წლის აგვისტოში, ფინეთის თვითმფრინავების რეესტრში შეიტანეს. მას შემდეგ თვითმფრინავებმა ასობით ფრენა შეასრულეს - ვენის, ჰამბურგის, მაროკოს, იტალიისა და დუბაის მიმართულებით.
კანადა რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციას იწყებს
კანადის ხელისუფლებამ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია დაიწყო. ის ფლობს Granite Capital Holdings-ს კანადაში, რომლის ღირებულება $26 მილიონს შეადგენს. ეს არის პირველი პროცესი ქვეყანაში, როდესაც სანქცირებული რუსი მფლობელების ქონება დაყადაღდა. კანადის მთავრობა კონფისკაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად და რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კანადა აპირებს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და მათზე, ვინც სარგებლობს უკრაინის ომით. მას კანადის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდი დაეთანხმნენ. „პუტინის ოლიგარქები მონაწილეობენ რუსეთის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაში უკრაინაში. კანადა არ იქნება მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი, ”- თქვა კანადის ვიცეპრემიერმა. რომან აბრამოვიჩი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის ქონება მიმდინარე წელს $6 900 მილიონად არის შეფასებული. ის კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე მოექცა. აბრამოვიჩი ასევე არის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების სიაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომლებიც კანადის მთავრობის აზრით, ანექსიაში მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, კანადის სანქციების სიას დაემატა 1500-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.