თეგი: კორეა
ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა თარაშ პაპასქუას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თარაშ პაპასქუას დამთავრებული აქვს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში - პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
საქართველო კორეასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, მოლაპარაკებას იწყებს
საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კორეის დედაქალაქ სეულში, კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. „აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მოეწერა ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. ერთობლივი მიზანშეწონილობის კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების თანახმად, კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადი და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კორეისთვის. აღნიშნული შეთანხმება, დღეისათვის ძალაში მყოფი შეთანხმებებით დაფარულ 2.3 მილიარდიან ბაზარზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას წვდომას გაუხსნის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ 50 მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეკომენდაციების თანახმად, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში და ორი ქვეყნის ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით, უნდა გაიმართოს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომების ფართო სპექტრზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, არასატარიფო ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და სხვ. „ასევე, კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახორციელებენ შესაბამის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაზეც პირველი რაუნდის გამართვა იგეგმება 2023 წელს. ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო და კორეა ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირობებს განიხილავენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩანგ იონგ ანის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველო - კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და მოლაპარაკების პირობების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა. დოკუმენტი ასევე გულისხმობს მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მიმდინარე წელს მოლაპარაკებების დაწყებაზე. გენადი არველაძემ კორეის მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კორეის რესპუბლიკიდან მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა მოხდეს მოლაპარაკების პირობების დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმება და ხელმოწერა.