თეგი: კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
თეა წულუკიანის განცხადებას კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს
ვინც მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრალდებას, რომ დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია. „კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს. ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა. ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ. უბრალოდ, ყველაფერი ნათელია. ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე აი, სწორედ ამ სტატუსით, მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა. მოკლედ, როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას, ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი - ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშია-თქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირს-თქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთ-თქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა. ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი“, - წერს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით წიკლაურმა მასზე "დასარტყმელად გაიწია". "ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ", - განაცხადა წულუკიანმა.