თეგი: კრიპრტობირჟა

კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი, ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს

გაკოტრებული კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდი, ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. იუწყება Reuters. სააგენტოს ცნობით, ბაჰამის პოლიციამ ბირჟის დამფუძნებელი 12 დეკემბერს საღამოს, დედაქალაქ ნასაუს საცხოვრებელ კომპლექსში დააკავა. ამის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა გახდა, სადაც ადრე ბანკმენ-ფრიდის წინააღმდეგ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. New York Times-ი, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ადვოკატ დემიან უილიამსზე დაყრდნობით წერს, რომ FTX-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა 13 დეკემბერს დილით იყო წარდგენილი. სამშაბათს, ბანკმენ-ფრიდი გეგმავდა ჩვენების მიცემას აშშ-ს კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტში. კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ 11 ნოემბერს გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა ბირჟის ვალდებულებებსა და აქტივებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა აღმოაჩინეს. New York Times-მა დაწერა, რომ შეუსაბამობა 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.