თეგი: კრიპტობირჟა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზადაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის. მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება $17,4 მილიარდს შეადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.  

აშშ-ში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც კრიპტობირჟის მეშვეობით, $700 მილიონის „გათეთრებაშია“ ეჭვმიტანილი

აშშ-ში, მაიამიში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი დამფუძნებელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, რომელიც კრიპტოვალუტის მეშვეობით, $700 მილიონის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  ამის შესახებ Bloomberg აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. ლეგკოდიმოვს, რომელსაც შეერთებულ შტატებში ასევე „განდალფს“ უწოდებენ, ბრალი ედება კრიპტოვალუტის ბირჟის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, რომელიც სავარაუდოდ $700 მილიონს შეადგენს.  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „გენდალფი“ სამშაბათს მაიამში დააკავეს. სააგენტოს ცნობით, ჰონგ კონგში დაფუძნებული ბირჟა Bitzlato იყო „კრიტიკული ფინანსური რესურსი“ რუსეთის Hydra darknet ბაზრისთვის, როგორც ყველაზე დიდი და სტაბილური პლატფორმა, რომელიც არალეგალური საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობს.