თეგი: ლაზარე გრიგორიადისის საქმე

საია ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: შესაძლოა, იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის უფლებები. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის​ ფარგლებში. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 29 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი. 30 მარტს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე მას ბრალი წარუდგინა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ისე, რომ ბრალდებულის და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები. მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა. მისი განცხადება იყო, არა მხოლოდ, ჰომოფობიური კონტექსტის მატარებელი, არამედ, მიზნად ისახავდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას. პრობლემურია, მანამდე, 12 მარტს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ 7-8 მარტის აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც. დამატებით, 2023 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი გადაჭრით დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირ არ დაუსახელებია მისი სახელი და გვარი, ი. ღარიბაშვილის ნათქვამი წინადადება ატარებდა საზოგადოებისთვის შეცნობად კონტექსტს, რომ საუბარია ლაზარე გრიგორიაიდისზე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამასთან, წინა დღით, 2023 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის კვირაში“ წამყვანმა ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია ნასამართლევად, გადაცემაში აგრეთვე გავრცელდა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, იმგვარად, რომ საზოგადოებაში გამოეწვია ლაზარე გრიგორიადისის პიროვნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოში პირველი წარდგენის საჯარო სხდომაზე, მოსამართლემ დაადასტურა, რომ ლაზარე არ არის ნასამართლევი. შედეგად, პოლიტიკოსებისა მიერ გავრცელებული განცხადებებით, ინდივიდუალური თუ მათი კუმულაციური ეფექტით, არაერთხელ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია, აგრეთვე, გავრცელდა მისი ნასამართლეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა2023 წლის 3 აპრილს მასმედიის საშუალებით ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლაზარე გრიგორიადისის გამოკითხვის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის იძულებას, გამოძიებისთვის მიეწოდებინა საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება აბსოლუტური უფლებაა და მის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს პირისთვის ჩვენების ჩამორთმევის მიზნით ნებისმიერი სახის იძულება. მნიშვნელობა არ აქვს პირი ასეთ დროს თავის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი იძულება არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში შესახლების დროს ლაზარე გრიგორიადისს ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თმა. ხსენებულს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ლაზარემ ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ([...] 2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა). ვინაიდან არსებობს დაცვის მხარისა და პენიტენციური დაწესებულების შეფასებებს შორის რადიკალური სხვაობა, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის ობიექტური შესწავლა, მათ შორის, იმ კონტექსტში, ხომ არ მოხდა პატიმარზე ირიბი ზეწოლა. ამასთან კავშირში, ასევე, აღვნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე იანკოვი ბალგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria, 2003, 39084/97) განმარტა, რომ პირი, რომელსაც ციხეში იძულებით გადაპარსავენ თავს, განიცდის დამცირებას, ამგვარი მოპყრობა შეურაცხყოფს მის ღირსებას. თავის იძულებით გადაპარსვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ არასრულფასოვანია. გარდა ამისა, ადამიანს, ვისაც თავს გადაპარსავენ, უწევს გარკვეული პერიოდი ატაროს ნიშანი, რომ ის დაექვემდებარა ამგვარ დამამცირებელ მოპყრობას. ეს ნიშანი (გადაპარსული თავი) ადვილად შესამჩნევია ყველასთვის და ამიტომ ადამიანი მუდმივად განიცდის სულიერ ტკივილს. მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ: - ხელისუფლების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფარგლებს. - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები. - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. - საქართველოს სახალხო დამცველს- როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის ადვოკატმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ახალგაზრდის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. „ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. თქვა, რომ ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს. „ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა. უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თმის გადაპარსვაო და თმა გადამპარსესო“, - აღნიშნა ადვოკატმა ბითაძემ მედიასთან. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ლაზარე გრიგორიადისი ხსენებული პროტესტის მონაწილე იყო.