თეგი: ლარს ლოკე რასმუსენი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია
14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია და დანიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე. ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას. შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. ხალხმა დიდი ხნის წინ ცხადად განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზნის მიღწევასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დანიის საგარეო მინისტრი: ჩემი ქვეყნის პოზიცია იქნება - დიახ, თქვენ მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე დანიელი დიპლომატის თქმით, მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა: „გუშინ ვიმყოფებოდი „ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე“. რუსეთის უწყვეტი „ბორდერიზაციის“ პროცესი ჰყოფს ოჯახებს. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩართულობას ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამის დასტურად, დღეს ოფიციალურად გავხსნი საქართველოში დანიის საელჩოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის გაკეთება მე მიწევს საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მხარდასაჭერად. მეორე - ჩემი ვიზიტი, დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პოლიტიკოსებთან ერთად, აღნიშნავს ისტორიულად ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსა და დანიას შორის. მას შემდეგ, რაც დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება გამოცხადდა, კულტურულმა, პოლიტიკურმა და ბიზნესკავშირებმა ისტორიული იმპულსი შეიძინა“, - განაცხადა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი სიგნალი არის, რომ წელს, კოპენჰაგენსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. „ჩემი ვიზიტის მესამე მიზანი არის ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების დიდი, შეუსწავლელი პოტენციალის განვითარებაა“, - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით.
საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია - მინისტრი
15 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან, როგორც არასდროს. „ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენივე ინტერესებშია. საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია. მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველას დაგვანახა, რომ მშვიდობა და თავისუფლება მყიფეა და დაცული უნდა იყოს. მან აჩვენა, რომ ჩვენ, ვისაც გვჯერა ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უფლებების, უნდა ვიყოთ უფრო განუყრელი, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა რასმუსენმა. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრეებს და ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის წევრებისა და ბიზნესდელეგაციების საქართველოში ვიზიტისა და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე. „დანიის სამეფოს გახსნის გადაწყვეტილება კარგად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დინამიკას, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და მიაღწია თავის ყველაზე აქტიურ ფაზას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეზიდენტი საელჩო კიდევ უფრო გააძლიერებს დანიის კვალს რეგიონში და ჩვენს თანამშრომლობას არსებითად ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მეტ დანიას საქართველოში მისი წარმოუდგენელი ღირებულებების, საუკეთესო პრაქტიკისა და მდიდარი კულტურის მეშვეობით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა , საელჩოს გახსნის ცერემონიაზე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის განახლებული პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას. „მსურს მივესალმო დანიის პარლამენტის წევრებსა და ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს. მათი ვიზიტი საქართველოში ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იმედი მაქვს, განახლებული პირდაპირი ფრენები კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.