თეგი: ლასლო კიოვერისი
უნგრეთის ასამბლეის სპიკერი: ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ შეცდომა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ლასლო კიოვერისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.“ კიოვერისმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. „საქართველოში მეორედ ვარ. პირველად 2011 წელს ვიყავი. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიაღწია, ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპაში, ქრისტიანობის მეორე უძველესი ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ბოლო რიგებში, ეს არის პირველ ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან ხმამაღლა ვამბობდით და ამას გავაგრძელეთ, ასევე, როცა საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, NATO-ზეც. NATO არის ამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა ლასლო კიოვერისმა.