თეგი: ლაღიძის ქუჩა
თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადვოკატი საუბრობს, რატომ გამოიყენა ხელყუმბარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინვე შევხვდი. მისი პოზიცია არის ის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახაა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც. უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით... ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ IPN-თან. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.
მერია ლაღიძის ქუჩაზე ისტორიულ კედლის დემონტაჟზე: შეთანხმებული პროექტი დაირღვა, დაწყებულია მოკვლევა
მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის განმარტებით, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაო ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. „პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მანამდე ისტორიული კედლის ნგრევაში ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.