თეგი: ლაშა ჟვანია

ლაშა ჟვანია: 2008 წლის ომი არ დასრულებულა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები დაუცველები არიან

საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის ომი არ დასრულებულა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ხანგრძლივი ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრები არ არიან, განსაკუთრებით დაუცველები არიან.  ისრაელში საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ 2008 წელს ვითარება დაიძაბა, რადგან საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები გადადგა. „ჩვენ რუსეთთან გამკლავება არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO“, - აცხადებს ჟვანია.    ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

ისრაელში საქართველოს ელჩი: ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. „საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთ არის თელ ავივში,“ – განაცხადა ჟვანიამ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, დაღუპულია 25-ზე მეტი ადამიანი. „ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია, გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ისრაელის არმიამ კიდევ გამოაქვეყნა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.“ საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან. ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი. ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, ისინი უსაფრთხოდ არიან. სამი ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.    

ელჩი: 45-ზე მეტი მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება. ელჩის განმარტებით, საელჩოში ინფორმაცია არ შესულა დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. „ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით,“ - განაცხადა ელჩმა.

ელჩი: ისრაელიდან საქართველოში ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა

საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია.“ აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება. აქ პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკულად 3 კვირაა სამუშაოები არ არის და ისინი ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ,“ - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ლაშა ჟვანია: ხვალიდან საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩო ხვალიდან მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ საელჩო უბრუნდება რიტმს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა. „ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, სამი კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს; გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი. ასე რომ, ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ელჩის განმარტებით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი. „ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია“,- აღნიშნა ელჩმა. ამასთან, ლაშა ჟვანიამ ისრაელში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. ელჩის თქმით, რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ელჩი იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სტრესული ფონი აქვთ, ურჩევს გაერიდონ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ. „დღეს ფართო იყო საჰაერო განგაშების არეალი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხარეს, იმიტომ რომ „ჰეზბოლამ“, რომელიც მაშინვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში უფრო გააძლიერა თავდასხმები. საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. დღეს უკვე მესამედ, იერუსალიმის მიმართულებით მოხდა საჰაერო თავდასხმა. ნათელია, რომ რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სტრესული მდგომარეობა ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც აშკელონსა და აშდოთში ცხოვრობენ. ძალიან რთულია ამის გადატანა. როდესაც ღამით, საჰაერო განგაშის გამო 5-6 ჯერ გეღვიძება და ძილი არ გაქვს, ბუნებრივია ადამიანი ამას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ადამიანებს ვურჩიე გაერიდონ ამ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ. პატარა ბავშვი, რომლის ცხოვრება ასეთი ფატალური შედეგით დასრულდა, მთლიანად ისრაელი შეძრულია ამ საშინელი შედეგით. 7 ოქტომბერს ტერორისტული აქტი რომ არ ყოფილიყო, ბავშვი დღეს ცოცხალი იქნებოდა. მასზე ყოველდღიურმა სტრესმა იქონია გავლენა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

ელჩი ჟვანია: საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები არ არიან, თუმცა რამდენიმე ათეული მოქალაქე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში კვლავ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რეგიონის ლიდერებთან შეხვედრები იმედისმომცემია, რომ ვითარება არ გადაიზარდოს რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში. „დღეს ერთი თვე შესრულდა საშინელი ტერაქტიდან და ტერაქტის შედეგად ომის დაწყებიდან. მდგომარეობა კვლავ საომარია, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩრდილოეთიდან უფრო არის საჰაერო თავდასხმები გარკვეულ ხუთკილომეტრიან ზოლზე, ისრაელის და ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ამ ყველაფერმა გამოიწვია 60 ათასზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, რომლებიც განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში, უფრო სამხრეთისკენ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და შეხვედრები რეგიონის ლიდერებთან გარკვეული იმედისმომცემია, რათა ეს არ გადაიზარდოს უფრო რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. რაც შეეხება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ლაშა ჟვანიას განმარტებით, “საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები და დაშავებულები არ არიან, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არის რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.“ „საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ეს განპირობებული იყო იმით, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში გამოაცხადა შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი. შესაძლებელია, რომ ოფისები იყოს გახსნილი, ასევე სასწავლო დაწესებულებები, ჩვენც ნაკლები მომართვიანობა გვაქვს ცხელ ხაზებზე. ერთი კვირაა უკვე, სტატისტიკა არ მოგვითხოვია, რადგან სამი კვირის განმავლობაში გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს 1 550 მოქალაქე გახლდათ, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია დატოვეს, მათ შორის არიან ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლის სტატისტიკას ჩვენ ვერ ვითვლით, რადგან ისრაელის პასპორტით ტოვებენ ისრაელს. ვერ გეტყვით, რომ ჩვეულ რეჟიმშია პირდაპირი ფრენები, რადგან მოთხოვნის დაკლებასთან ერთად, შემცირდა ფრენების რაოდენობაც, იმიტომ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სრულდებოდა რეისები, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო თბილისის მიმართულებით. ამიტომ რაოდენობა დააკლეს კომერციულმა კომპანიებმა, მაგრამ, მოთხოვნისამებრ, ფრენები სრულდება, ასევე, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პირდაპირი რეისები კვიპროსის საშუალებით არის შესაძლებელი,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.