თეგი: ლეიბორისტული პარტია
შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შედის, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. პარტიის მიერ არჩევნებზე მოპოვებული ერთი მანდატით საკანონმდებლო ორგანოში ადგილს შალვა ნათელაშვილი დაიკავებს. „პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რომელთა გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ ამ ფონს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ, ისტორიის კანონებით, ერთსა და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს, რომ არა მთელი ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.