თეგი: ლენდ-ლიზის აქტი

„ლენდ-ლიზი“ განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში უპასუხა შეკითხვას, რატომ არ ითხოვს საქართველო, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამას შეუერთდეს.  „ლენდ ლიზი“ განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება გაორმაგდა. პირველი პრეცედენტია, როდესაც ევროკავშირმა გამოყო დახმარება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამ კონკრეტული შემთხვევით გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებით. ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს კავშირი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, განცალკევებულად არ ვითხოვთ დახმარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?, - აღნიშნული კითხვით საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.  ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ლენდ ლიზი“ ისტორიული შესაძლებლობაა. „ძალიან იშვიათად ხდება - ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, - მიმართა თავდაცვის მინისტრს ელისაშვილმა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.