თეგი: ლეხ კაჩინსკი
ლეხ კაჩინსკიმ 2008 წელს, თბილისში თქვა: დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთი. ეს საშინელი - „ხვალ“ უკრაინისთვის“ დადგა
„გავიხსენებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც 2008 წელს თქვა თბილისში: „ჩვენ კარგად ვიცით: დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთის დრო დადგება“. ეს საშინელი - „ხვალ“, 24 თებერვალს დადგა უკრაინისთვის“, - ამასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ასეთი ცუდი დღე არ დადგეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ ერთად 90 მილიონი ვართ! ერთად ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, იყვნენ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას ამ უფსკრულიდან, გადაარჩენენ მას ამ საფრთხისგან, შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად ქცევას. ბატონებო! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. გუშინ ვნახეთ, რაზე და რა ფორმით ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებმა. ჩვენ დავინახეთ, ვინ იყო ნამდვილი ლიდერი და იბრძოდა ძლიერი ევროპისთვის, საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის; ვინ ცდილობდა ჩვენ და თქვენ შეჩერებას. ჩვენ გვესმის, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი პოლონელებისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა. ყველასთან ერთად, ვინც თავისუფლების მომხრეა. ჩვენთვის და თქვენთვის, ევროპისთვის. პოლონელო ძმები და დებო! ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე შევქმენით უკიდურესად ძლიერი ალიანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფორმალურია, ეს არის ალიანსი, რომელიც წარმოიშვა რეალობიდან და ეს არ არის სიტყვები ქაღალდზე. დღეს ვერ ვიქნები დარწმუნებული ყველა ევროპული ერის ყველა ლიდერში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თქვენთან ერთად თავისუფლების დაცვაში, რამდენადაც ეს საჭიროა.მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე მივიღეთ თქვენი სახელმწიფოსგან, თქვენი ხალხისგან. მადლობელი ვარ თქვენი ძალისხმევისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ უკრაინის ცის დაცვა. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ამ შედეგს, იმ შედეგს, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ. ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი თავისუფლებისთვის. ეს არის დიდი ერების საერთო ისტორია, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
იაროსლავ კაჩინსკი: ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, სახელმწიფო მდივანმა მიხაილ დვორჩიკმა, ბათუმში, ახალ ბულვარში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნაზე, იაროსლავ კაჩინსკის წერილი წაიკითხა. „დიდი პატივი მაქვს, მოგმართოთ თქვენ და რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ქართველ ხალხს. ჩემთვის ძალიან დიდია მოვლენა, რომ ჩემი ძმის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა საქართველოში, ბათუმში. ძალიან პატივს ვცემ ჟესტებს, რომლებსაც ქართველი ხალხი ჩემი ძმის პატივსაცემად გამოხატავს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დაწესებულებასა და უწყებას, ადამიანს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ძეგლი აქ გახსნილიყო, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ჟესტისთვის. საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ თქვენ, რომ ჩემი ძმის მოღვაწეობაში საქართველო იკავებდა ძალიან დიდ ადგილს. ლეხ კაჩინსკის შეეძლო, მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როდესაც ის ჩამოვიდა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად და შემდეგ ევროარენაზე გამოხატავდა საქართველოს ინტერესებს. საქართველო, რომელიც დგას ევროატლანტიკურ გზაზე და ის თვლიდა, არწმუნებდა ყველას, რომ თუნდაც მცირე, პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი გეზი და საერთაშორისო პოლიტიკის ურთიერთობებს ის აღიქვამდა, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს. ის ყველა ღონეს იღებდა იმისთვის, რომ დაეჭირა მხარი საქართველოსთვის. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძმური კავშირი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ერებს და ჩვენ ორ ქვეყანას და ცდილობდა ამ მეგობრობის და ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებას. ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება. ძალიან დიდი პატივისცემით, იაროსლავ კაჩინსკი“, - აღნიშნავს იაროსლავ კაჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთის პრემიერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ის ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა. „თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არამარტო ის მიმართულებები, რომლებიც ირგვლივ ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთმა სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე, ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა
პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია. მინისტრ რადოსლავ სიკორსკის თქმით, განაცხადის წარდგენა, რომელსაც წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვს, სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელებს არასაჭირო ხარჯების წინაშე აყენებს. მანამდე, გასული წლის ბოლოს პოლონეთის ახალმა მთავრობამ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელი კომისია გააუქმა.