თეგი: ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი
ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვს
ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. „მოვუწოდებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა საბჭოს ერთობლივად მიიღონ ზომები ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შესაჩერებლად. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც ის იქცა, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებში ადგილი არაა“, - განაცხადა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.