თეგი: ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმე განსახილველად პირველ კოლეგიას გადასცა. ამის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა. „მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია საქმეზე ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1673). მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2022 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეგიებისთვის საქმეთა განაწილების რიგითობის წესის დაცვით, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სასამართლო შემადგენლობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლო, საქმის განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გაავრცელებს ინფორმაციას №1673 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ჩატარებისა ან/და საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით 28 იანვარს მიმართა.
საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაია სარჩელი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლონდა თოლორაიამ საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით, უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები. საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით, განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა. აღნიშნულმა კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება. 2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, რომ მის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაის მოუწოდებს, სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს. „მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს - ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა. თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან. ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს - ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!“ - აცხადებს სააკაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალებს გავასაჯაროებთ, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებას
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტი ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს, განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, რომ მის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს.
საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელების არსებით განხილვას იწყებს. პროცესი 18-20 მაისს გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი ლონდა თოლორაია: ახლა ჩემი მიზანია, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა. "მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას", - წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძე: როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის პირველი სხდომა დისტანციურად ჩატარდება. ცნობისთვის, ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. 13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. „კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, უფლებამოსილების სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა უპირობოდ. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. მოპასუხის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა დაფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხებოდა საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა. ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ამრიგად, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, თუმცა ვინაიდან საქმე შეეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ არა ჩადენილი დარღვევების ან თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო, არამედ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით და, ამასთან, ყოველგვარი - დიდი თუ მცირე - კომპენსაციის გადაცემის გარეშე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი. დავის საგანი: ა) №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 55 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.) 27 1 მუხლის პირველი პუნქტისა და 28 1 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) №1681 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 27 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 28 1 მუხლის მე-5 პუნქტისა და 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 40 11 , 40 12 , 40 13 , 40 14 , 40 15 , 40 16 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 55 2 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.