თეგი: ლორენს მერედიტი
ლორენს მერედიტი: ბრიუსელიდან ძალიან მარტივი გზავნილით ჩამოვედი, დროა, გააორმაგოთ თქვენი ძალისხმევა
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი საქართველოს ეწვია. ის საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. „ბრიუსელიდან ძალიან მარტივი გზავნილით ჩამოვედი. თქვენ ხედავთ, რომ თქვენი შრომა ფასდება. ახლა დროა, გააორმაგოთ თქვენი ძალისხმევა. კონსტრუქციული დიალოგი, რეფორმებზე დაუღალავი მუშაობა - ამას მოაქვს შედეგი. მოუთმენლად ველით ერთობლივად მუშაობას შემდგომ რეფორმებზე,“ - განაცხადა მერედიტმა ვიზიტთან დაკავშირებულ კომენტარში. მერედიტი თბილისში ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციიდან მესამე დღეს ჩამოვიდა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.