თეგი: ლუგარის ლაბორატორია

რუსეთი საქართველოს კოღოების გავრცელებაში ადანაშაულებს 

გაეროს უშიშროების საბჭოს „არია ფორმულის შეხვედრაზე“, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა, იგორ კირილოვმა 6 აპრილს განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი რუსეთში, ევროპასა და ჩინეთში საქართველოდან გავრცელდა. „დიდი ალბათობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ღორის აფრიკული ჭირის შტამი მომატებული გადამდებობით სწორედ პენტაგონის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ ბიოლაბორატორიაში შეიქმნა“, – განაცხადა კირილოვმა. ​კირილოვმა ასევე აღნიშნა, რომ დაავადება რუსეთს 100 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა პირდაპირი ეკონომიკური ზარალის სახით, ხოლო 500 მლნ აშშ დოლარი – არაპირდაპირი ზარალის სახით. „ლუგარის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში მნიშვნელოვნად უარესდება სიტუაცია იმ დაავადებების თვალსაზრისით, რომელთაც გადამტანი მწერები ავრცელებენ“, – განაცხადა კირილოვმა. ევროპის დაავადებათა კონტროლისა ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, კირილოვმა განაცხადა, რომ სხვადასხვა სახეობის კოღოები, რომლებიც ადრე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში გვხვდებოდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტების ტერიტორიაზე ინაცვლებენ. მისივე თქმით, ტკიპების გავრცელებამ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გამოიწვია სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში. კირილოვმა ასევე განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრის ქართველ სპეციალისტებს შეზღუდული აქვთ გადაადგილება შენობაში და არ აქვთ წვდომა ამერიკულ დოკუმენტებზე. „ეს კეთდება საიდუმლო პროგრამებსა და შეზღუდულ ტერიტორიაზე წვდომის თაობაზე აშშ-ის საკანონმდებლო შეზღუდვების საბაბით.  გასაკვირი არ არის, რომ ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, არ აქვთ ინფორმაცია პენტაგონის დახურულ საქმიანობებზე, რომელთა განხორციელებაც ლაბორატორიაში ხდება“, – თქვა მან. ღორის ჭირის გავრცელების შესახებ ბრალდებები მოსკოვმა პირველად 2012 წელს გააჟღერა, როდესაც მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ საქართველო რუსეთში ღორის ჭირის შეტანაში დაადანაშაულა. 2020 წელს, რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ ქიმიური აგენტები, როგორივ „ნოვიჩოკია“, აშშ-ის და საქართველოს ლაბორატორიებში მზადდება. იმავე წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი ღამურებით იყო დაინტერესებული. ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომლის აშენება-მოწყობა ამერიკამ 100 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა, თბილისის გარეუბანში 2011 წელს გაიხსნა. მისი შექმნის მიზანი ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის მეშვეობით, მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა იყო.

ევროკავშირის ელჩი, ლუგარის ლაბორატორიის სპეციფიკას გაეცნო

ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი დაათვალიერეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატი ადგილზე გაეცნო იმ სამედიცინო ინვენტარს, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადასცა. ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები, ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები, ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება. ელჩის განცხადებით აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ. ევროკავშირის ელჩმა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრნენ.